ბელგია EU-ში უნგრეთისთვის ხმის უფლების ჩამორთმევის პროცედურის განხილვას ითხოვს

ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი აჯა ლაბიბი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, განიხილონ პროცედურის დაწყება, რომელიც უნგრეთისთვის ხმის უფლების ჩამორთმევას ითვალისწინებს.
ამის შესახებ მან POLITICO-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
ამჟამად, როტაციის მიხედვით, სწორედ ბელგიაა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა. ბელგიის შემდეგ კი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ივლისში უნგრეთი გახდება. ეს ბუდაპეშტს უფრო მეტ უფლებამოსილებას მიანიჭებს დღის წესრიგისა და პრიორიტეტების განსასაზღვრად მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთის პრემიერ- მინისტრი ევროკავშირის მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილებების ბლოკირებას აგრძელებს.
„ჩვენ გვყავს ევროპა, რომელიც რთულად მიიწევს წინ. სამწუხაროდ, ზოგიერთი სახელმწიფო — კერძოდ ერთი სახელმწიფო – სულ უფრო მეტად იკავებს ბლოკირების და ვეტოს პოზიციას“, — განაცხადა აჯა ლაბიბმა.
ამიტომ ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, წევრ ქვეყნებს უნდა ეყოთ გამბედაობა, რომ უნგრეთთან დაკავშირებით ევროკავშირის ხელშეკრულების მე-7 მუხლის გააქტიურების პროცედურა დაიწყონ.
ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების მე-7 მუხლი ითვალისწინებს ევროკავშირის ღირებულებების დაცვის ორ მექანიზმს: პრევენციული ზომების გატარებას, თუ არსებობს ევროკავშირის ღირებულებების დარღვევის აშკარა რისკი, და სანქციებს- თუ ასეთი დარღვევა უკვე მოხდა.
ევროკავშირის შესაბამისი ქვეყნის წინააღმდეგ შესაძლო სანქციები მკაფიოდ არ არის განსაზღვრული ევროკავშირის ხელშეკრულებებში, მაგრამ ეს უნდა ითვალისწინებდეს ევროკავშირის საბჭოსა და ევროპულ საბჭოში ხმის უფლების შეჩერებას.
ორივე მექანიზმთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭოში წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა უნდა მიიღონ.
გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო ხმები განსხვავებულია. იმისათვის, რომ პრევენციული მექანიზმი შემოიღონ, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების მისაღებად წევრი ქვეყნების ოთხი მეხუთედის უმრავლესობა (21 ქვეყანა) სჭირდება. ხოლო დარღვევის არსებობის დასადგენად საჭიროა ევროკავშირის სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურებს შორის ერთსულოვნება.
ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რომელთან დაკავშირებითაც მე-7 მუხლით გათვალისწინებული პროცედურა განიხილება, არ მონაწილეობს არცერთ კენჭისყრაში.
ევროკავშირში უნგრეთის მუდმივი წარმომადგენლობის სპიკერმა განაცხადა, რომ ახლა უნგრეთის მთავარი ამოცანაა ევროკავშირის ომში ჩართვისგან დაცვა. მისი თქმით, თუ ომი ევროკავშირამდე მიაღწევს, მაშინ მე-7 მუხლი მათი ყველაზე მცირე პრობლემა იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ