ბელგია გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს, – Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაქსიმ პრევომ განაცხადა.
მისი თქმით, ბელგია შეუერთდება ნიუ-იორკის დეკლარაციის ხელმომწერებს, რაც გზას გახსნის კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტისკენ და პალესტინის სახელმწიფოს ისრაელთან მშვიდობიანი თანაარსებობისკენ.
„გადაწყვეტილება მიღებულია პალესტინაში, განსაკუთრებით ღაზაში, მიმდინარე ჰუმანიტარული ტრაგედიის გათვალისწინებით და ისრაელის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევით ჩადენილი ძალადობის საპასუხოდ“, – დასძინა ბელგიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მისივე თქმით, ბელგია ასევე დააწესებს 12 „მკაცრ“ სანქციას ისრაელის წინააღმდეგ, როგორიცაა მისი დასახლებებიდან პროდუქციის იმპორტის აკრძალვა, ისრაელის კომპანიებთან სახელმწიფო შესყიდვების პოლიტიკის გადახედვა და „ჰამასის“ ლიდერების ბელგიაში პერსონა ნონ გრატად გამოცხადება.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ბელგიამ მიიღო გადაწყვეტილება, გააძლიეროს ზეწოლა ისრაელის მთავრობასა და „ჰამასზე“. მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ბელგიის ერთგულებას პალესტინის რეკონსტრუქციის მიმართ და დასძინა, რომ ქვეყანა მხარს დაუჭერს „ევროპის ზომებს, რომლებიც ჰამასის წინააღმდეგ იქნება მიმართული და მხარს დაუჭერს ბელგიის ახალ ინიციატივებს ანტისემიტიზმთან საბრძოლველად“.
