ბელგია დისტანციური პატიმრობისა და ონლაინ სასამართლოს პრაქტიკას ამკვიდრებს

ბელგიის სასამართლოებმა დაიწყეს სისტემური ტესტირება, რომელიც სასამართლო პროცესის მონაწილეებს საშუალებას აძლევს, სისხლის სამართლის პროცესს ვირტუალურად დაესწრონ.
სისტემა სამოქალაქო საქმეებზე უკვე დატესტილია, ახლა სისხლის სამართლის სასამართლო პროცესებზე გამოიცდება. ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგ ონლაინ სასამართლო სისტემა მთელი ქვეყნის მასშტაბით იქნება ხელმისაწვდომი.
“ონლაინ-ოფცია” ჯერ-ჯერობით მიუწვდომელია იმ პატიმრებისთვის, რომლებიც სასჯელს ციხეში უკვე იხდიან, თუმცა ესეც მალე გახდება შესაძლებელი.
“ევროპულსის” ინფორმაციით, ბრალდებულებს, ადვოკატებს, ექსპერტებსა და მოწმეებს სხდომასთან დაკავშირება Microsoft Teams-ის კორპორაციული პლატფორმის მეშვეობით შეუძლიათ. სხდომის მონაწილეები მათ სპეციალურად დაყენებულ ეკრანზე დაინახავენ.
სხვათა შორის, მიმდინარე წლის მარტიდან ბელგიამ პატიმრობის ინოცავიური მეთოდი დანერგა. იმის გამო რომ ქვეყნის საპატიმროები გადავსებულია, ბელგიაში ციხეების განტვირთვის მიზნით, პატიმრები სასჯელს დისტანციურად, ანუ შინ იხდიან. ახალი წესი მსჯავრდებულებს საშუალებას აძლევთ მორიგეობით ერთი თვე შინ, ერთი თვე საპატიმროში გაატარონ, თუმცა, ეს შესაძლებლობა ეძლევათ მხოლოდ მათ, ვინც მცირე დანაშაულისთვის იხდის სასჯელს, ხოლო მძიმე მუხლებით მსჯავრდებულებს, მაგალითად, ტერორიზმის ან სექსუალური დანაშაულისთვის მსჯავრდებულებს, ან 10 წელზე მეტი ვადით თავისუფლებააღკვეთილებს, ერთთვიანი შინაპატიმრობა არ ეხებათ.

ასევე დაგაინტერესებთ