ბელგიაში ფეხბურთის გულშემატკივრების რაოდენობა, ვისაც სტადიონებზე შესვლა აეკრძალა, ბოლო 10 წელიწადში 63%-ით გაიზარდა

ვიდრე ფეხბურთის ბელგიელი გულშემატკივრები უკმაყოფილებას გამოთქვამენ საკანონმდებლო ცვლილებების გამო, რომლებიც ამ ქვეყანაში გამართული მატჩების დროს მაყურებლის ქცევას შეეხება და ძალაში, სავარაუდოდ, 2026 წლის ზაფხულში შევა, ბელგიის ფრანგულენოვანმა ტელე-რადიომაუწყებელმა (RTBF ) სტადიონზე შესვლის აკრძალვების შესახებ ბოლო ოფიციალური მონაცემები მოიპოვა.
დღეს ბელგიის სტადიონებზე მაყურებლის შეშვების აკრძალვის სამი სხვადასხვა კატეგორია არსებობს: სამოქალაქო (URBSFA-ს მიერ დაწესებული), ადმინისტრაციული (საფეხბურთო უწყების მიერ დაწესებული) და სამართლებრივი (მოსამართლის მიერ დაწესებული). ადმინისტრაციული და სამართლებრივი აკრძალვების რიცხვი სულ უფრო იზრდება.
იმ პირების რაოდენობა, ვისაც სტადიონებზე შესვლა აეკრძალა, 2016 წლიდან მოყოლებული, კოვიდ-პანდემიის ორი წლის გამოკლებით, 63 პროცენტით გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ თუ 2016 წელს მათი რიცხვი 822 იყო, 2025 წლის დეკემბრისთვის 1 340-ს მიაღწია.
მიუხედავად იმისა, რომ სტადიონებზე შესვლის აკრძალვები იზრდება, ბელგიაში გამართულ საფეხბურთო მატჩებზე გამოწერილი ჯარიმების ოდენობა სტაბილური რჩება. გაურკვეველია, ეს ჯარიმები ძალადობის უფრო მეტ ფაქტებს უკავშირდება თუ ძალადობის მიმართ გამკაცრებული მიდგომით არის განპირობებული. RTBF-ის მიერ მოპოვებული მონაცემები ამ საკითხზე ზუსტი დასკვნის გამოტანის საშუალებას არ იძლევა.
თუმცა, გულშემატკივართა სხვადასხვა ჯგუფების რეაქცია ცალსახად დადებითია. დღეს მაყურებლებს სტადიონებზე შესვლას, ძირითადად, სახის დასაფარი ნიღბების ტარების, ტრიბუნებიდან უხამსი ჟესტების ჩვენების ან სხვა მსგავსი დარღვევების გამო უკრძალავენ.
ასევე იზრდება URBSFA-ს (ბელგიის სამეფოს ფეხბურთის ასოციაციების კავშირი) მიერ დაწესებული აკრძალვის მაჩვენებლები. 2022-2023 წლებში დაფიქსირდა ამ ორგანიზაციის მხრიდან აკრძალვის 175 შემთხვევა, სტადიონზე შესვლის აკრძალვის ჯამურმა პერიოდმა კი 3 496 თვე შეადგინა, ხოლო 2024-2025 წლებში აკრძალვის შემთხვევები 306-მდე გაიზარდა, სტადიონზე შესვლის აკრძალვის ჯამური პერიოდი კი – 4 005 თვემდე.
ამ ფონზე, პრო ლიგა მაინც კმაყოფილია: „ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შედეგები აშკარაა: 2023-2024 წლების სეზონთან შედარებით, ინციდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა“, – ამბობს პრო ლიგის აღმასრულებელი დირექტორი, ლორინ პარისი. „ეს კლება იმის მაჩვენებელია აჩვენებს, რომ ჩვენი მხრიდან პრევენციული ზომების მუდმივად მიღება თანდათან ნაყოფს იღებს. ბოლო სამი სეზონის განმავლობაში, ჩვენ სტადიონზე შესვლის 678 ინდივიდუალური აკრძალვა დავაწესეთ, რაც 820-ზე მეტი წლის განმავლობაში ამა თუ იმ მოძალადის სტადიონზე შესვლის აკრძალვას ნიშნავს“, – დასძინა მან.
ფეხბურთთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა ბელგიაში 2026 წლის გაზაფხულზე/ზაფხულში იგეგმება.