საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ბელგიის ქალაქ გენტში, თანამედროვე ხელოვნების მუნიციპალურ მუზეუმში (S.M.A.K), „ევროპალია-საქართველოს“ ფარგლებში, გაიხსნა მსოფლიოში აღიარებული ქართველი არტისტის, კარლო კაჭარავას, ნამუშევრების პერსონალური გამოფენა – „სენტიმენტალური მოგზაური“ (Sentimental Traveller). ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენელი მაგდა გურული დაესწრო.
გამოფენას ქალაქ გენტის თანამედროვე ხელოვნების მუნიციპალური მუზეუმი (S.M.A.K) 2024 წლის 14 აპრილის ჩათვლით უმასპინძლებს.
ეს მხატვრის პირველი პერსონალური გამოფენაა საქართველოს საზღვრებს მიღმა. ევროპელ დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს, გაეცნოს მხატვრის ნამუშევრებსა და ილუსტრირებულ დღიურებს. ექსპოზიციაზე ასევე წარმოდგენილია ხელოვანის შესახებ მომზადებული კატალოგი.
საქართველოს მთავრობის მხარდაჭერითა და „ევროპალია-საქართველოს“ ეგიდით, მიმდინარე წლის 4 ოქტომბრიდან 2024 წლის თებერვლის ჩათვლით, ბელგიასა და მის მოსაზღვრე ქვეყნებში 60-ამდე მასშტაბური და მრავალფეროვანი ღონისძიება იმართება. ევროპის საზოგადოებას ოთხი თვის განმავლობაში შეუძლია ნახოს ეროვნული საგანძურის ორი მასშტაბური და ისტორიული მნიშვნელობის გამოფენა – „ავანგარდი საქართველოში – 1900-1936“ (ბრიუსელის ნატიფი ხელოვნების ცენტრ „ბოზარში“) და „საქართველო – შეხვედრების ადგილი“ (ბრიუსელის ისტორიისა და ხელოვნების სამეფო მუზეუმში).
ფესტივალ „ევროპალია-საქართველოს“ უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ევროპული მომავლისთვის და ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მოპოვების გზაზე.