ბელგიაში აღკვეთეს თავდასხმები პრემიერ დე ვევერსა და სხვა პოლიტიკოსებზე

ბელგიის ხელისუფლებამ 9 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ აღკვეთილია თავდასხმის მცდელობა ქვეყნის პრემიერ-მინისტრზე, ბარტ დე ვევერზე.
პროკურატურა და პრემიერის გარემოცვა აცხადებენ, რომ თავდასხმები იგეგმებოდა ბელგიის სხვა პოლიტიკოსებზეც. მთავრობის ხელმძღვანელის მოადგილემ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა, მაქსიმ პრევომ ინფორმაციას “ფრიად შოკისმომგვრელი” უწოდა. “ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვაწყდებით ტერორიზმის რეალურ საფრთხეს და აუცილებელია შევინარჩუნოთ სიფხიზლე” – წერს პრევო პლატფორმაზე X.
ბელგიის პროკურატურა ამ საქმის ფარგლებში სამ დაკავებულ პირზე იუწყება. გამოძიება აღნიშნავს, რომ იკვეთება ჯიჰადისტთა გავლენით ტერაქტის მზადების ნიშნები. პროკურატურის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ანტვერპენში ეჭვმიტანილთა სახლებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილია საგანი, რომელიც ასაფეთქებელ მოწყობილობას გავს, ასევე ზიანის გამომწვევი ელემენტების შემცველი პაკეტი.
ბელგიის სახელისუფლო წყაროები ამბობენ, რომ დანაშაულებრივი ჯგუფი ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებას გეგმავდა მისი უპილოტო საფრენ აპარატზე განთავსებით.
2016 წლის მარტში 32 ადამიანი ემსხვერპლა თვითმკვლელი ტერორისტების მიერ ბრიუსელის აეროპორტში და ქალაქის მეტროში მოწყობილ აფეთქებებს. იმ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა იკისრა ჯგუფმა “ისლამური სახელმწიფო”, რომელიც ბევრ ქვეყანაში ტერორისტულ ორგანიზაციადაა აღიარებული. 2023 წლის მარტში პირმა, რომელიც თავს ისლამისტ მებრძოლს უწოდებდა, მოკლა შვედეთის ორი მოქალაქე, რომლებიც ბრიუსელში საერთაშორისო საფეხბურთო მატჩზე დასასწრებად იყვნენ ჩასული.
ფორუმი