ბელგიამ 6 პრიორიტეტი განსაზღვრა, რომელსაც ევროკავშირში როტაციით მიღებული თავმჯდომარეობისას განახორციელებს

ბელგიამ 6 პრიორიტეტი განსაზღვრა, რომელსაც ევროკავშირში როტაციით მიღებული თავმჯდომარეობისას განახორციელებს.
აღნიშნული პრიორიტეტების შესახებ ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჯა ლიაბიბმა ისაუბრა.
მისი განმარტებით, ევროკავშირში ბელგიის თავმჯდომარეობისას პრიორიტეტი ორ მიმართულებას მიენიჭება: კანონშემოქმედებას და სტრატეგიული მომავლის ხედვას.
ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, მისი უწყება ძალისხმევას ევროკავშირის შემდეგი სტრატეგიული დღის წესრიგის შემუშავებას მოახმარს, რომელიც ახალ გეოპოლიტიკურ გამოწვევებს უპასუხებს. აღსანიშნავია, რომ წინა ასეთი დღის წესრიგი 2019 წელს იქნა ჩამოყალიბებული.
„2 სტრატეგიული მიმართულების გათვალისწინებით, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ 6 პრიორიტეტი: კანონის უზენაესობის გაძლიერება, უსაფრთხოებისა და თავდაცვის გაძლიერება, ჩვენი კონკურენტუნარიანობის გაზრდა, „მწვანე“ ტრანსფორმაციის მიმართულებით წინსვლა, სოციალური დღის წესრიგის რეალიზაცია და მიგრაციისა და თავშესაფრის პრობლემის აღმოფხვრა“, – განაცხადა ლიაბიბმა.
ბელგიის თავმჯდომარეობისას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდება ევროკავშირის მომავლის ხედვის შემუშავებაზე მისი გაფართოების კონტექსტში, რაც საშუალებას მისცემს ევროკავშირს შეინარჩუნოს თავისი ეფექტიანობა გადაწყვეტილების მიღებისას და მისი უნარი, უზრუნველყოს ძლიერი დაცვა ყველა ევროპელისთვის.
ცნობისთვის, ევროკავშირში ბელგიის თავმჯდომარეობა 2024 წლის 1-ელ იანვარს დაიწყება და 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება.