ბელარუსში მორიგი პროპაგანდისტული ინტერვიუ უჩვენეს რადიო თავისუფლების კიდევ ერთ, კოლონიაში მყოფ ჟურნალისტთან

სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა ბელარუსულმა ტელეარხმა ONT-მ პროპაგანდისტულ სერიალში, ისინი “ბელარუსში ხანძრის გაჩენას” ცდილობდნენ, უჩვენა რადიო თავისუფლების კიდევ ერთი (შტატგარეშე) ჟურნალისტის, პატიმრობაში მყოფი იჰარ კარნეის ინტერვიუ.
20-წუთიან ვიდეოში, რომელიც კოლონიაშია გადაღებული, კარნეი ხელბორკილებით გამოჰყავთ საკნიდან, სახით კედელთან მიყენებულს ხსნიან ბორკილს და შემდეგ მიჰყავთ ინტერვიუზე ტელეწამყვან ანდრეი ალექსანდროვთან. ეს უკანასკნელი ცნობილია იმით, რომ ბელარუსის უშიშროების ძალებთან ერთად ესწრებოდა ალექსანდრ ლუკაშენკას რეჟიმის პოლიტიკური ოპონენტების დაკავებას.
იჰარ კარნეი გადაიღეს ციხის პირობებში, სავარაუდოდ, მინსკში, კგბ-ს წინასწარი დაკავების იზოლატორში, სადაც მანამდე ამავე სერიალის ფარგლებში ჩაწერეს რადიო თავისუფლების კიდევ ორი ჟურნალისტის, ანდრეი კუზნეჩიკისა და იჰარ ლოსიკის ინტერვიუები. უფლებადამცველების მიერ ისინი, ყველანი, პოლიტპატიმრებად არიან აღიარებული.
რადიო თავისუფლება მისდევს პოლიტიკას, არ მოიტანოს ციტატები განცხადებებიდან, რომლებიც გაურკვეველ ვითარებაშია მოპოვებული დაკავებული ადამიანებისგან.
22 მარტს მინსკის საქალაქო სასამართლომ ბელარუს ჟურნალისტს, იჰარ კარნეის, სამი წლით თავისუფლების აღკვეთა და ფულადი ჯარიმა მიუსაჯა. როგორც რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახური იუწყება, კარნეი დამნაშავედ ცნეს ექსტრემისტულ საზოგადოებაში მონაწილეობისთვის.

პროკურატურა ჟურნალისტისათვის 6 წლით პატიმრობას ითხოვდა.
ქვეყნის ავტორიტარ ლიდერ ალიაქსანდრ ლუკაშენკასთან დაკავშირებული მედია წერს, რომ კარნეი გასამართლდა ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაციასთან (BAJ) თანამშრომლობისთვის. აღნიშნული ასოციაცია ხელისუფლების მიერ ექსტრემისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული.