ბელარუსში მიღებული ახალი კანონით ოპოზიციას შვილების ჩამორთმევა ემუქრება

ბელარუსში მიღებული ახალი კანონით ლუკაშენკოს რეჟიმის ოპოზიციის წარმომადგენლებს შვილების ჩამორთმევა ემუქრებათ.
კანონპროექტი, სახელწოდებით “მინისტრთა საბჭოს დადგენილება სოციალურად სახიფათო მდგომარეობაში მყოფი და სახელმწიფოს დაცვის საჭიროების მქონე ბავშვთა აღიარების შესახებ”, მიმდინარე წლის 1 იანვარს ამოქმედდა.
ახალი კანონი მშობლებისთვის შვილების ჩამორთმევის შესაძლებლობას იძლევა, თუ ბავშვს “სოციალურად სახიფათო მდგომარეობა” აქვს, მათ შორის, თუ ბავშვზე მზრუნველი პირი ადმინისტრაციული მუხლით არის გასამართლებული.
ბელარუსის რეპრესიული კანონმდებლობის გათვალისწინებით, ახალი კანონში მოცემული პირობები მრავალ ოპოზიციონერს შეიძლება შეეხოს – მაგალითად, ბელარუსის ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კოდექსის 19.11 მუხლით, მოქალაქე შეიძლება “ექსტრემისტულ” საჯარო ანგარიშზე კომენტარის დატოვებისთვის ან “ექსტრემისტულ” გვერდზე პოსტის მოწონებისთვისაც კი გასამართლდეს.
ბელარუსის ოპოზიციიისთვის შემაშფოთებელია ასევე კანონში მოცემული ორი სხვა გარემოება – შვილების ჩამორთმევის საფუძველი შეიძლება გახდეს ისიც, თუკი ორივე ან ერთადერთი მშობელი სამი თვის განმავლობაში არ მუშაობდა ან “არ ასრულებდა მსგავს საქმიანობას, რომელიც კანონმდებლობით აკრძალული არ არის”; “სოციალურად სახიფათო მდგომარეობად” მოიაზრება ისიც, თუ დამტკიცდება გარემოება, რომელიც ამტკიცებს, რომ მშობლები ბავშვის ქცევას ან ადგილმდებარეობას არ აკონტროლებენ.
გამოცემა ამერიკის ხმასთან საუბრისას ბელარუსის ოპოზიციის ლიდერის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას ანალიტიკისა და სტრატეგიის ოფისის ექსპერტი, პოლიტილოგი ალინა ხარისოვა აღნიშნავს, რომ ლუკაშენკოს რეჟიმი მთავრობასთან დაპირისპირებულ პირებს აქამდე დაკავებით და შვილების ჩამორთმევით აშინებდა.
“2020 წლიდან მოყოლებული, ეს მეთოდი ყველა ადამიანის წინააღმდეგ გამოიყენება, რომლებსაც შვილები ჰყავთ”. – თქვა ხარისოვამ.
ხარისოვას თქმით, ახალი კანონი არა ოპოზიციის დაშინებას, არამედ სამთავრობო სტრუქტურებში დასაქმებული პირებისთვის მოქმედების თავისუფალი სივრცის გაფართოებას ემსახურება.
tabula.ge