18 თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც დაპატიმრებული ბელარუსი ოპოზიციონერი მარია კოლესნიკოვა ახლობლებმა ან თანამებრძოლებმა ბოლოს ნახეს. სასჯელაღსრულების კოლონიაში მისმა თანამოაზრეებმა განაცხადეს, რომ ბოლოს მარიას საკნიდან გაიგონეს პატიმრის თხოვნა, სამედიცინო დახმარების აღმოჩენის თაობაზე.
მარიას მამა, ოლექსანდრე კოლესნიკოვი ამბობს, რომ მისი შვილი თვეებია ავად არის და ახლა მხოლოდ იმის იმედი აქვს, რომ ის ცოცხალია. მამამ არაერთხელ სცადა გომელთან მდებარე ციხეში მარიას მონახულება, მაგრამ ამის უფლებას ციხის ადმინისტრაცია დღემდე არ აძლევს. პასუხად დაცვამ მხოლოდ ის უთხრა, რომ “თუკი ის არ გირეკავთ, ან არ გწერთ, ეს ნიშნავს, რომ მას ამის სურვილი არ აქვს”.
მარია გომელში გასული წლის მაისში ან ივნისში გადაიყვანეს. მკურნალობის შედეგი აქამდე გაურკვეველი რჩება, ამბობს ერთ-ერთი ყოფილი პატიმარი, რომელიც ხელისუფლების მხრიდან შესაძლო შურისძიების გამო, ვინაობას საჯაროდ არ ამხელს.
42 წლის მარია კოლესნიკოვას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. აქტივისტად ქცეული ყოფილი მუსიკოსი მას შემდეგ დააკავეს, რაც 2021 წლის სექტემბერში, უკრაინის საზღვარზე, საკუთარი პასპორტი დახია, რათა ბელარუსის უსაფრთხოების ძალებისთვის მისი იძულებით დეპორტაციის საშუალება არ მიეცა.
მარია ბელარუსის დემოკრატიული პროტესტის ერთ-ერთი ცნობილი წარმომადგენელი და სიმბოლოა. ის ერთია იმ სამ ოპოზიციონერ ქალს ლიდერს შორის, რომლებიც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ ცვლილებების გაერთიანებულ ძალისხმევას ჩაუდგნენ სათავეში და კამპანიას მართავდნენ. მასობრივი ანტისამთავრობო გამოსვლები 2020 წლის აგვისტოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს მოჰყვა, რომელშიც ალექსანდრ ლუკაშენკომ თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. დასავლეთის ქვეყნებში ეს არჩევნები გაყალბებულად მიიჩნევა. დემონსტრაციების მონაწილე არაერთი მოქალაქე თუ აქტივისტი დღემდე ბელარუსის ციხეებში იმყოფება. ბევრი ოპოზიციონერი კი მსგავსი საფრთხის გამო ქვეყნიდანაა გაქცეული.