ბელარუსის ციხეში გარდაიცვალა 36 წლის პოლიტიკური პატიმარი ანდრი პიდნებენნი.ანდრიი პიდნებენნის დედამ ვალენტინა პიდნებენნამ შვილის გარდაცვალებაზე ილაპარაკა:
„3 სექტემბერს ჩემი საყვარელი შვილი გარდაიცვალა… ჩემი ოქროს შვილიშვილები დარჩნენ უმამოდ. ერთი რამ მამშვიდებს: ვეღარავინ შეძლებს ფიზიკურად ან ფსიქოლოგიურად იძალადოს ჩემს შვილზე… მჯერა ღმერთის სასჯელი მიწვდება დამნაშავეებს და არც ერთი დანაშაული არ დარჩება დაუსჯელი“.
8 სექტემბერს ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა სვიატლანა ციხანოუსკაიამ X-ზე დაპოსტა:
„დამწუხრებული ვარ 36 წლის პოლიტიკური პატიმრის – ანდრეი პიდნებენნის გარდაცვალების გამო, რის შესახებაც ინფორმაცია დედამისმა გაავრცელა. მან თითქმის 4 წელი გაატარა გისოსებს მიღმა ბელარუსში. უკვე 9 პოლიტიკური პატიმარი გარდაიცვალა პატიმრობაში. საჭიროა სასწრაფო მოქმედება რეჟიმის ტყვეების სიცოცხლის გადასარჩენად“.
ანდრი ბიდნებენნი რუსეთის მოქალაქე იყო. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია. ოფიციალურ წყაროებს შემთხვევა არ დაუდასტურებიათ.
უფლებადაცვით ცენტრ „ვიასნას“ თანახმად, ბელარუსში გისოსებს მიღმა გარდაიცვალნენ ვიტოლდ აშუროკი, ოლეს პუშკინი, მიკოლა კლიმოვიჩი, ვადიმ ხრასკო, იგორ ლედნიკი, ვალენტინ შტერმერი, ოლექსანდრ კულინიჩი და დმიტრო შლეტაუერი.
”ვიასნას“ ინფორმაციით, ანდრიი პიდნებენნი გომელის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტრანსპორტის ფაკულტეტზე სწავლობდა. მოგვიანებით ხარკოვის საავტომობილო უნივერსიტეტში გადავიდა. მუშაობდა ინდმეწარმედ, ჰქონდა საცალო ვაჭრობის უფლება. მუშაობდა ავტონაწილებით ვაჭრობის სფეროშიც და ასწავლიდა მანქანის ტარებას.
ანდრიის ჰყავდა მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი.
საზოგადოებრივ ცხოვრებაში 2019 წლიდან ჩაება, თავდაპირველად – საკუთარი საცხოვრებელი რაიონის პრობლემების მოსაგვარებლად.
2020 წლის არჩევნების დროს ანდრიი იყო დამკვირვებელი. აღშფოთებული იყო გაყალბების გამო, წერდა სარჩელებს პროკურატურაში კომისიის თავმჯდომარეზე. მონაწილეობდა პროტესტში. ერთ პროტესტზე მანქანით იყო, რის გამოც დააჯარიმეს და მართვის მოწმობა ჩამოართვეს.
ანდრიი პიდნებენნი ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევდა – არ ეწეოდა, არ სვამდა.
ბელარუსში რუსული პასპორტითა და ბინადრობის უფლებით მან 6 წელი იცხოვრა.
დააკავეს 2021 წლის ნოემბერში. ის დახურულ სხდომაზე გაასამართლეს სისხლის სამართლის კოდექსის არაერთი სერიოზული მუხლით: სხვისი საკუთრების განზრახ განადგურების ან დაზიანების მცდელობისთვის, ექსტრემისტული ჯგუფის შექმნისთვის; ტერორიზმის აქტისთვის – გამოსასწორებელი დაწესებულებების დეპარტამენტის უფროსის მანქანის დაწვისთვის; 39 ტროლეიბუსის საბურავების დახვრეტისთვის, ხელისუფლების მიერ ექსტრემისტულ დაჯგუფებად შერაცხული “ტელეგრამის” არხისა და ჩატის შექმნისა და მართვისთვის, 2019 წელს მშენებლობაზე ამწეკრანისთვის ცეცხლის წაკიდებისთვის. მოსამართლე ანატოლი სოტნიკოვმა ანდრიი ბიდნებენნის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით.
2022 წლის 23 მაისს ბალერუსის “კა-გე-ბემ” ის შეიყვანა “ტერორისტულ საქმიანობაში ჩართული პირების სიაში”. 2023 წლის 3 იანვარს გომელის საოლქო სასამართლომ ახალი ბრალდებები დაუმატა და იმავე მკაცრი რეჟიმის კოლონიაში პატიმრობა კიდევ ერთი წლითა და რვა თვით გაუგრძელა. 2023 წლის სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ ის N15-ე გამოსასწორებელ კოლონიაში გადაიყვანეს.
ფორუმი
