ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ანატოლი გლაზის თქმით, მინსკის სასამართლოს მიერ 30 წლის გერმანელი რიკო კრიგერისთვის გამოტანილი სიკვდილით დასჯის განაჩენის შესახებ ბელარუსსა და გერმანიას შორის კონსულტაციები მიმდინარეობს. პრესსპიკერის განცხადებას ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ Facebook-გვერდზე ავრცელებს.
“რა თქმა უნდა, გერმანულ მხარესთან ამ საკითხის შესახებ კონტაქტი გვქონია. აღნიშნული დამნაშავე გერმანიის მოქალაქეა და ჩვენ გვესმის გერმანული მხარის შეშფოთება.
საერთაშორისო ნორმებისა და ორმხრივი ხელშეკრულებების სრული დაცვით, ბელარუსულმა მხარემ ამ პირის საკონსულო ხელმისაწვდომობა უზრუნველყო.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს თხოვნით, ბელარუსმა მას სიტუაციის განვითარების არსებული ვარიანტების შესახებ კონკრეტული გადაწყვეტილებები წარუდგინა. კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებში მიმდინარეობს”. – წერია ანატოლი გლაზის განცხადებაში.
ცნობისთვის, 19 ივლისს ბელარუსში მინსკის სასამართლომ გერმანიის 30 წლის მოქალაქეს, რიკო კრიგერს ტერორიზმის და დაქირავებულ მებრძოლად მუშაობის ბრალდებით სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. როგორც ცნობილია, რიკო კრიგერი გერმანიის წითელი ჯვრის თანამშრომელი იყო.
რიკო კრიგერი ბელარუსში 2023 წლის ნოემბერში დააკავეს.
