„ბელარუსის გარდა არსად გამიგია, რომ კიტრი-პომიდვრის ფასზე პოლიციამ და პროკურატურამ უნდა იზრუნოს“, – ასე ეხმაურება „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ვახტანგ ბეჟიტაშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებას სურსათის ფასებთან დაკავშირებით.
როგორც ბეჟიტაშვილი აღნიშნავს, საქართველოში მოქმედი სურსათის მაღალი ფასები გამოწვეულია ინფლაციით, ადგილობრივი წარმოების სიმცირითა და მზარდი იმპორტით.
„ფასებთან დაკავშირებით არსებული ტენდენცია, პირველ რიგში, ინფლაციის ბრალია; მეორე, ყველაზე მთავარი მიზეზი ამის არის ის, რომ ადგილობრივი წარმოება არის ცუდ მდგომარეობაში და განადგურების პირას არის სოფლის მეურნეობის თითქმის ყველა დარგი; იმპორტი არის ჭარბი რაოდენობით და ადგილობრივი წარმოება იმდენად სუსტია, რომ ექსპორტზე გატანის ნაცვლად, იმპორტზე შემოგვაქვს ძალიან ბევრი ხილი და ბოსტნეული. ეს არის მთავარი მიზეზი მაღალი ფასების, იმიტომ რომ, იმპორტზე შემოსული პროდუქცია არის ყოველთვის ძვირი, მას სჭირდება ტრანსპორტირება, განბაჟება და სხვადასხვა ხარჯები ახლავს თან. რითეილ სექტორი როგორ აძვირებს (შიდა კორუფცია აქვთ მაგათ), ეს არის გარკვეული ფაქტორი, მაგრამ არა გადამწყვეტი პროდუქტზე ფასების ზრდისთვის.
კონკურენტული და სამართლიანი გარემო, ასევე, თავისუფალი სივრცე უნდა იყოს ქვეყანაში, რომ შემოვიდეს ინვესტიციები, შეიქმნას სამუშაო ადგილები და შესაბამისი პირობები. ასეთ შემთხვევაში ჩვენთანაც შესაძლებელია იმდენი პროდუქციის მოყვანა, რომ ფასები არ იყოს ასეთი მაღალი. დღეს აბსოლუტურად იმპორტულ პროდუქციას ჭამს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი. თურქეთსა და ირანზე ვართ ჩამოკიდებული თავიდან ბოლომდე, სტატისტიკაში ეს პირდაპირ არის ასახული.
ბელარუსის გარდა არსად გამიგია, რომ კიტრი-პომიდვრის ფასზე პოლიციამ და პროკურატურამ უნდა იზრუნოს. თან, ჩვენგან განსხვავებით, ბელარუსულ მოდელში ადგილობრივი წარმოება მაღალ დონეზეა აყვანილი, ისინი უფრთხილდებიან თავის წარმოებას, მაგრამ ჩვენთან ამის მსგავსი არაფერი არსებობს და შედეგიც სახეზეა“, – განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ვახტანგ ბეჟიტაშვილმა.
ინფორმაციისთვის, ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ სურსათის ევროპულ და ქართულ ფასებს შორის დიდი სხვაობა განპირობებულია სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატით, რაც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს.
კობახიძემ სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდა, შეისწავლონ სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხი და დაადგინონ, ხომ არ იკვეთება დანაშაულის ნიშნები. მან საკითხთან დაკავშირებით პარლამენტს საგამოძიებო კომისიის შექმნის თხოვნითაც მიმართა.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს.
bpn.ge




