მიმდინარე წლის ივნისიდან, მინსკიდან ე.წ. საკონტროლო-გამშვებ პუნქტ “ფსოუმდე”(რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საზღვრამდე) ავტობუსების რეისების დანიშვნა იგეგმება.
ვებსაიტ Probilets-ზე ბილეთების გაყიდვის დაწყების შესახებ ინფორმაცია მედიამ, მათ შორის “Наша Ніва-მ” და “Зеркало-მ” გაავრცელეს.
რადიო თავისუფლების პროგრამა „ეხოს კავკაზას“ მიერ მოძიებული ინფორმაციის თანახმად, პირველი რეისი 26 ივნისს იგეგმება, შემდგომში რეისები ოთხ დღეში ერთხელ შესრულდება. მარშრუტის დაფარვას 1 დღე, 13 საათი და 20 წუთი დასჭირდება. მაგალითად, თუ მგზავრი მინსკიდან 26 ივნისის 19:30 საათზე დაიძვრება, „ფსოუსთან” 28 ივნისის 08:50 საათზე იქნება. ამასთან, დე ფაქტო საზღვრის კვეთის შემთხვევაში, დანიშნულების ადგილამდე მისვლა მგზავრს დამოუკიდებლად მოუწევს.
ავტობუსის ბილეთის ფასია 345 ბელარუსული რუბლი (105 დოლარი), საბავშვო ბილეთისა კი 241,5 ბელარუსული რუბლი (73 დოლარი).
Probilets-ზე ბილეთები ხელმისაწვდომია შემდეგი მიმართულების ძიებისას: “მინსკი – გამშვები პუნქტი ფსოუ (აფხაზეთთან საზღვარი)”.
ასევე მითითებულია მიმართულება: “მინსკი – ფსოუ საქართველო”. თუმცა ამ შემთხვევაში ბილეთები მიუწვდომელია.
ბელარუსული მედია მსურველს აფრთხილებს, რომ აფხაზეთში ვიზიტი არღვევს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონს, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას.
შსს-ს ოფიციალური სტატისტიკით, გასულ წლებში ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევისთვის (სსკ 322-ე მუხლი) გამოძიება დაიწყო:
· 2024 წელს 123 შემთხვევაში;
· 2023 წელს 62 შემთხვევაში;
· 2022 წელს 68 შემთხვევაში;
· 2021 წელს 38 შემთხვევაში.
თუმცა ხშირ შემთხვევაში ქართველი მესაზღვრეები “ოკუპაციის შესახებ კანონის” დამრღვევ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს უბრალოდ უარს ეუბნებიან ქვეყანაში შესვლაზე.
ბელარუსს ოფიციალურად არ უღიარებია საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის, დამოუკიდებლობა, თუმცა ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ალიაქსანდ ლუკაშენკა ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდა, რის გამოც თბილისმა ის „ოკუპაციის შესახებ კანონის“ დარღვევაში დაადანაშაულა.
2023 წელს მან მინსკში უმასპინძლა აფხაზურ „დელეგაციას“ ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას მეთაურობით. ცოტა ხნის წინ კი მოსკოვში ესაუბრა დე ფაქტო რესპუბლიკების ლიდერებს – ალან გაგლოევს და ბადრა გუნბას. ეს შეხვედრა 9 მაისს კრემლში გაიმართა, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღების ფარგლებში.
მინსკსა და თბილისს შორის ურთიერთობები შედარებით გაუმჯობესდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებისა და „ქართული ოცნების“ პარლამენტის მხარდაჭერით პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილის არჩევის შემდეგ. გასული წლის ბოლოს ლუკაშენკამ ყაველაშვილს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა, ხოლო ყაველაშვილმა ლუკაშენკას – მიმდინარე წლის თებერვალში ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება. ლუკაშენკამ საქართველოს პრეზიდენტს, რომლის ლეგიტიმურობას არ აღიარებს ოპოზიცია და ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, ასევე მიულოცა ფაშიზმზე გამარჯვების დღე.
