საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ მაქსიმ რიჟენკოვს შეხვდა. შეხვედრა ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შედგა.
ცნობა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბელარუს კოლეგასთან შეხვედრის შესახებ, 25 სექტემბრის, საღამოს 18:00 საათისთვის გამოჩნდა უწყების ვებსაიტსა და ფეისბუკის გვერდზე, მხოლოდ წინა დღის რიცხვით, 24 სექტემბრის მითითებით. ეს მას შემდეგ, რაც შეხვედრის შესახებ ინფორმაცია მედიამ გაავრცელა.
მანამდე ბელარუსელ და ქართველ კოლეგას შორის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რის შესახებ რადიო თავისუფლებამაც დაწერა.
25 სექტემბრის საღამომდე საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე შემდეგი სიახლეები იყო გამოქვეყნებული.
დასტური იმისა, რომ უწყებამ ინფორმაცია წინა დღის თარიღით გამოაქვეყნა, ჩანს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფეისბუკის გვერდზეც
თუმცა, ამ შეხვედრის გარდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე უკანა თარიღით გამოაქვეყნა ცნობა მაკა ბოჭორიშვილის შვეიცარიელ კოლეგასთან შეხვედრის შესახებ.
რაც შეეხება ბელარუსელ კოლეგასთან შეხვედრას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, “მხარეებმა ორი ქვეყნისთვის პრიორიტეტული საკითხები განიხილეს”.
“საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ პროცესებს და გამოწვევებს. ხაზი გაესვა მდგრადი განვითარებისთვის მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას.
ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციაზე და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.
საუბარი ასევე შეეხო სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებს”.
ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების გზები განიხილეს. “დისკუსია, კერძოდ, სავაჭრო, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ, კულტურულ და სხვა სფეროებში თანამშრომლობას დაეთმო”.
მაქსიმ რიჟენკოვმა ქართულ მხარეს წარმატება უსურვა საქართველოში მომავალი მუნიციპალური არჩევნების ჩატარებაში, – ნათქვამია ბელარუსული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მაქსიმ რიჟენკოვი 2016 წლიდან 2024 წლამდე ბელარუსის ავტორიტარი ლიდერის ალიაქსანდ ლუკაშენკას ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ის ევროკავშირის “შავ სიაშია” შეყვანილი და სანქცირებულია სხვა რამდენიმე ქვეყნის მიერ. შეზღუდვები მის წინააღმდეგ დაწესდა ლუკაშენკას რეჟიმის მხარდაჭერის, 2020 წლის არჩევნების გაყალბებაში მონაწილეობისა და მომიტინგეების წინააღმდეგ რეპრესიებისთვის.
მანამდე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარეს, დმიტრი ჰარას შეხვდა. თუმცა შეხვედრის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი დმიტრი ჰარა, ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის, აშშ-ისა და სხვების მიერაა სანქცირებული. მას 2020 წლის არჩევნების შემდეგ ოპოზიციის, ჟურნალისტებისა და მომიტინგეების მიმართ რეპრესიებში, ასევე უკრაინაში რუსეთის შეჭრის მხარდაჭერაში ადანაშაულებენ.
ფორუმი
