სტარტაპმა Figure AI-მა, რომელიც ავითარებს ჰუმანოიდ რობოტებს, მიიზიდა დაახლოებით 675 მილიონი დოლარი, 2 მილიარდი დოლარის ღირებულებით. ინვესტორებს შორის არიან Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი, Microsoft და Nvidia. ამის შესახებ Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ სტარტაპში, რომელსაც მხარს უჭერენ OpenAI და Microsoft, ბეზოსმა თავისი კომპანიის Explore Investments LLC-ის მეშვეობით 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოახდინა. Microsoft-მა- $95 მილიონი და Nvidia და Amazon-თან დაკავშირებულმა ფონდმა $50 მილიონი.
„რობოტები გახდნენ კრიტიკული ახალი საზღვარი ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიისთვის, რაც არსებული რეალური პრობლემების გადასაჭრელად მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენების საშუალებას იძლევა.
Figure-ზე ინჟინრები მუშაობენ რობოტზე, რომელიც გამოიყურება და მოძრაობს როგორც ადამიანი. კომპანია იმედოვნებს, რომ მისი Figure 01 მანქანა შეძლებს სახიფათო სამუშაოების შესრულებას, რასაც ადამიანები ვერ ასრულებენ და რომ მისი ტექნოლოგია ხელს შეუწყობს მუშახელის დეფიციტის შემსუბუქებას“, – წერს სააგენტო.
პროექტის დაფინანსებაში სხვა ტექნოლოგიური კომპანიებიც უერთდებიან. Intel Corp. ვენჩურული განყოფილება ახორციელებს 25 მილიონი დოლარის ინვესტიციას, ხოლო LG Innotek უზრუნველყოფს $8.5 მილიონს. Samsung-ის საინვესტიციო ჯგუფმა $5 მილიონი შეიტანა.
ინვესტორებს შორის ასევე არიან ვენჩურული კომპანიები Parkway Venture Capital, რომელიც ახორციელებს 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას და Align Ventures, რომელიც უზრუნველყოფს $90 მილიონს.
ვენჩურული ფონდი ARK Venture Fund-ი 2,5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას განახორციელებს, ხოლო Aliya Capital Partners 20 მილიონ დოლარს. სხვა ინვესტორებს შორისაა Tamarack ($27 მილიონი), Boscolo Intervest Ltd. ($15 მილიონი) და BOLD Capital Partners ($2.5 მილიონი).
OpenAI, რომელიც ერთ მომენტში ფიქრობდა Figure-ის შეძენაზე, 5 მილიონი დოლარის ინვესტირებას განახორციელებს.
იანვარში, ბლუმბერგმა დაწერა დაფინანსების რაუნდის შესახებ, რომელიც დაიწყო Microsoft-ით და OpenAI-ით, როგმლებიც არიან საწყისი წამყვანი ინვესტორები.
„ამ დიდმა სახელებმა ხელი შეუწყეს სხვა კომპანიების სახსრების ნაკადის მოზიდვას. მოზიდული 675 მილიონი დოლარი მნიშვნელოვანი ზრდაა იმ 500 მილიონი აშშ დოლარისგან, რომელიც მიღებასაც თავდაპირველად Figure AI ცდილობდა.
Figure-ს წარმომადგენლებმა და მისმა ინვესტორებმა უარი თქვეს კომენტარის გაკეთებაზე ან დაუყოვნებლივ არ უპასუხეს კომენტარის თხოვნას“, – წერს Bloomberg-ი.
დაახლოებით 2 მილიარდი დოლარი – ეს არის წინასწარი შეფასება და არ ითვალისწინებს კაპიტალს, რომლის მოზიდვასაც Figure AI ახდენს.
გასული წლის მაისში, Figure-მა 70 მილიონი დოლარი შეაგროვა დაფინანსების რაუნდში, რომლის სათავეშიც Parkway-ი იყო. იმ პერიოდში აღმასრულებელი დირექტორი ბრეტ ადკოკი აცხადებდა: „ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ ვართ ერთ-ერთი პირველი ჯგუფი, რომელმაც ბაზარზე გამოატანა ჰუმანოიდი, რომელიც რეალურად შეიძლება იყოს სასარგებლო და განახორციელოს კომერციული საქმიანობა.”
„ამ წლის დასაწყისში, ნორვეგიული რობოტების სტარტაპმა 1X Technologies AS, რომელიც OpenAI-ის მხარდაჭერით არის შექმნილი, $100 მილიონი შეაგროვა. ვანკუვერული კომპანია Sanctuary AI ავითარებს ჰუმანოიდ რობოტს სახელად Phoenix. Tesla მუშაობს რობოტზე, სახელად Optimus, რომელსაც ილონ მასკი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროექტს უწოდებს,“- დასძენს Bloomberg.
იმავდროულად, Agility Robotics, რომელსაც Amazon-მა დაუჭირა მხარი 2022 წელს, ახდენს რობოტების ტესტირებას საცალო ვაჭრობის ერთ-ერთ საწყობში.