„ბევრ საცალო ქსელს მოუწევს ქამრების შემოჭერა, რათა შეინარჩუნონ სტატუს ქვო“ – ლევან ყარალაშვილი

„საცალო ვაჭრობის სექტორისთვის 2024 წლის ბოლო რთული პერიოდი იყო“ – ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ „თბილისის ცენტრალის“ დირექტორი ლევან ყარაშვილი აცხადებს.
მისი თქმით, ქვეყანაში არსებული მდგომარეობა უკვე აისახა სავაჭრო სექტორზე და საცალო ვაჭრობის ქსელებში გაყიდვები წლიურად 20-25%-ით შემცირდა.
„თბილისი ცენტრალის“ სპეციფიკიდან გამომდინარე, ბოლო კვარტალი წლიური ბრუნვის 20-25%-ს გამოვიმუშავებთ ხოლმე. მიმდინარე მოვლენები აისახება ამ სექტორზეც და წლიურად ვაჭრობის მოცულობა საცალო ვაჭრობის ქსელებში დაახლოებით 20-25%-ით შემცირდა. ეს კი მაშინ, როცა წინასაახალწლო პერიოდი ყველაზე აქტიურია. ამ პერიოდში დაფიქსირებული კლება შეუძლებელია, არ აისახოს 2025 წლის ყველაზე დაბალი აქტივობის სეზონზეც (იანვარი, თებერვალი და მარტი)“, – დასძინა მან.
ყარალაშვილი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ არსებულ ვითარებაში საცალო ქსელებს ხარჯების ოპტიმიზაცია მოუწევს.
„ბევრ საცალო ქსელს მოუწევს ქამრების შემოჭერა, რათა შეინარჩუნონ სტატუს ქვო. სხვადასხვა ბიზნესს სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღება მოუწევს, ხარჯები საკმაოდ ფართო სპექტრია, მე იმედი მაქვს, რომ პერსონალის შემცირება უკანასკნელი ზომა იქნება. ამ ეტაპზე ძირითადად საუბარია შესყიდვების, საოპერაციო და მარკეტინგული აქტივობების შემცირებაზე“, – ამბობს „თბილისი ცენტრალის“ დირექტორი.
როგორც ყარალაშვილი აღნიშნავს, ქვეყანაში შექმნილი არასტაბილური ფონი გაყიდვების გარდა უარყოფითად აისახება ეკონომიკური ზრდის ტემპზეც.
„პანდემიის, ს ომისა და მიგრანტების ეფექტის საშუალებით, ეკონომიკური ზრდა პროცენტებში კარგად აისახა, თუმცა, ეს არის მოკლევადიანი ეფექტი, რაც ახლა განელებულია. ის არასწორი პროცესები, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს, ყველა მიმართულებაზე უარყოფითად აისახება. უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა და 2400-მა ბიზნესმა დააფიქსირა, რომ ქვეყანას სჭირდება სტაბილურ გზაზე და ევროკავშირის მიმართულებით დაბრუნება, ახალი და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. იმედი გვაქვს, რომ ამ კუთხით სერიოზული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული“, – განაცხადა ლევან ყარალაშვილმა.