“ბევრმა ბიზნესმა უცხოელების დასაქმებაზე შეიძლება უარი თქვას” – დავით გელაშვილი გამკაცრებულ კანონზე

EBA-ს (ევროპის ბიზნეს ასოციაცია) იურიდიული კომიტეტის თანათავმჯდომარე დავით გელაშვილი მიიჩნევს, რომ შრომითი მიგრაციის შესახებ კანონის გამკაცრების შემდეგ, შესაძლოა, ბევრმა ბიზნესმა უცხოელების დასაქმებაზე უარი თქვას.
საქმე ისაა, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონი გასულ თვეს გაამკაცრა, რომლის თანახმად, ქვეყანაში უცხოელების დასაქმება რთულდება. კერძოდ, უცხოელის დასაქმებისთვის სპეციალური სამუშაო უფლების გაცემის მექანიზმი დაინერგება. გათვალისწინებულია კანონის 2026 წლის 1 მარტს ამოქმედება. მანამდე კი უნდა მოესწროს შრომითი საქმიანობის უფლების სისტემის დანერგვა და მისი აღსრულებისთვის საჭირო მექანიზმების შემუშავება.
დავით გელაშვილმა “ანალიტიკასთან” ინტერვიუში აღნიშნა, რომ როგორც ბოლო დროს მიღებული კანონების დიდ ნაწილს, ამ საკანონმდებლო ცვლილებებსაც საკმაოდ დიდი სადამსჯელო კომპონენტი აქვს.
„ჯარიმების სუბიექტები არიან როგორც ბიზნესები, რომლებიც ქირაობენ უცხოელებს, ასევე მიგრანტი დასაქმებულებიც. გაზრდილია ოდენობებიც, შესაბამისად, რა თქმა უნდა დამატებითი რეგულირება არჩევანის არეალს გივიწროებს. ბევრი საშუალო და მცირე ბიზნესი ალბათ უარს იტყვის ასეთი ტიპის ურთიერთობებში შესვლაზე. ამას მართვა სჭირდება, კომპანიაში საჭიროა ადამიანი, ვინც ამას ყურადღებას მიაქცევს, ნებართვებზე იზრუნებს, ნებართვის ვადის გასვლის შემთხვევაში მის გაგრძელებაზე იზრუნებს, ეს დამატებითი ხარჯია და ამიტომ შეიძლება ბევრი ბიზნესი ავტომატურად განერიდოს და უარი თქვას უცხოელ დასაქმებულებზე“, – განაცხადა მან.
EBA-ს იურიდიული კომიტეტის თანათავმჯდომარის თქმითვე, საყურადღებოა ასევე ისიც, თუ როგორ აისახება ცვლილებები იმ საკადრო შიმშილზე, რომელიც ბევრ სექტორშია.
„მაგალითად, ეს [საკადრო შიმშილი] სოფლის მეურნეობის სექტორში ძალიან იგრძნობა. ვინც ამ სექტორებში საქმიანობს, ყველა აღნიშნავს, რომ რაიონებში მოსახლეობა წლიდან წლამდე მცირდება. ამ დროს სახელმწიფოს მხრიდანაც წახალისებულია სოფლის მეურნეობის განვითარება, უამრავი პროგრამა მუშაობს, მაგრამ რამდენად ეწევა ამ ზრდად ინდუსტრიებს დასაქმებულთა რაოდენობა, საკამათოა. შესაბამისად, თუ ჩვენ ეს მიმართულება [უცხოელების დასაქმება] ჩაკეტილი და გართულებული გვექნება, მაშინ შეიძლება მივიღოთ ასეთი სურათი – სადმე ვერ მოესწროს მოსავლის აღება, დროული გადამუშავება და ა.შ. დროს ხომ დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგალითად თუ კონკრეტულ ვადაში არ მოკრიფე დამწიფებული მოსავალი, შემდეგ აზრი არ აქვს.
ამგვარად, თუ არ არსებობს რაიმე მაღალი საფრთხე და რისკები, რაც დაგვემუქრება ამ სფეროს მოუწესრიგებლობის შემთხვევაში და ამ კანონის გარეშე, მაშინ ეს რეგულაცია, რომელიც შემოდის, უფრო მეტად ამძიმებს და ართულებს სიტუაციას შრომის ბაზარზე“, – განმარტა დავით გელაშვილმა.
ცნობისთვის, ახალი კანონმდებლობით, საქართველოში, შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე მუშაობა როგორც უცხოელის, ისე ადგილობრივი დამსაქმებლის დაჯარიმებას გამოიწვევს. უცხოელებს მოუწევთ საქართველოში დასაქმებისთვის სპეციალური სამუშაო უფლება აიღონ, რისთვისაც ჯანდაცვის სამინისტროს უნდა მიმართონ ან ადგილობრივმა დამსაქმებელმა, ან კიდევ თავად უცხოელმა თუ თვითდასაქმებულია. უცხოელის დასაქმებაზე თანხმობის ან უარის სათქმელად ჯანდაცვის სამინისტროს მაქსიმუმ 30 კალენდარული დღე აქვს.