ბევრი საშინაო და საგარეო ფაქტორია, რომლის გამოც შესაძლოა, 2026 წელს ავტომობილების ფასი გაიზარდოს – ავტოიმპორტიორთა ასოციაცია

2026 წლიდან შესაძლოა, მეორად ავტომობილებზე ფასები გაიზარდოს.
როგორც რადიო „კომერსანტის“ ეთერში ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე ალექსანდრე ნონიაძემ განაცხადა, არსებობს ბევრი საშინაო და საგარეო მომენტი, რამაც შესაძლოა, ფასები გაზარდოს.
„ბაზარზე ძალიან ბევრი მოთამაშეა და ყველას ინდივიდუალური მიდგომა აქვს, თუმცა, დილერების ნაწილი ფიქრობს, რომ ახლო მომავალში ავტომობილის ფასი გაძვირდება, ნაწილი ფიქრობს, საქმიანობა გააგრძელოს, ნაწილი მიიჩნევს, რომ საქმიანობის გაგრძელებას აზრი აღარ აქვს. ამასთან, ბოლო მომენტში ისე დაემთხვა, რომ მომსახურების სააგენტოს სერვისები გაძვირდა, დამატებითი გადასახადი, რასაც გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გვთავაზობს ნარჩენების გადასახადის სახით, ესეც გააძვირებს.
მოკლედ, ბევრო საშინაო და საგარეო ფაქტორი მოქმედებს და პლუს, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ადრე თუ გვიან შეიძლება რეექსპორტის ბაზრებიც გაჯერდეს. არის პესიმისტური მოლოდინები, არის ასე ვთქვათ, საშუალო მოლოდინები, თუმცა, რომ გითხრათ, საუკეთესო მოლოდინები არსებობს, რომ ხვალ ყველაფერი იდეალურად იქნება, ასეთი ოპტიმისტები ძალიან ცოტანი არიან“, – განაცხადა ალექსანდრე ნონიაძემ.