ბუტიკური სასტუმროს Golden Tulip Design Tbilisi-ს გაყიდვების ხელმძღვანელი, ქეთევან ჭელიძე აცხადებს, რომ სასტუმრო ბიზნესში დემპინგური ფასებია და ბევრი სასტუმრო, რომელიც 5-ვარსკვლავიანის სტატუსით ოპერირებს, არ შეესაბამება შესაბამის სტანდარტებს.
როგორც მან BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ აღნიშნა, ასეთი სასტუმროები იაფია და შესაბამისად, ბაზარზე კონკურენტულ გარემოს ქმნიან.
„ძალიან გაზრდილია სასტუმროების მიმართულებით კონკურენცია. ბევრი ახალი ბრენდი შემოემატა ქალაქს, რაც ძალიან საამაყო და სასიხარულოა. მეორე მხრივ, ეს იწვევს იმას, რომ რთულია ფასი შევინარჩუნოთ.
ჩვენს სასტუმროში 77 ოთახი გვაქვს. დაახლოებით იგივე საოპერაციო ხარჯი გვაქვს, რაც 150-ნომრიან სასტუმროს. სამწუხაროდ, ეს არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გარკვეულ საფასო ზღვარზე დაბლა ჩამოვიდეთ. ამიტომ ვცდილობთ, რომ სამიზნე ბაზრები მოვიზიდოთ, რომლებსაც მოსწონთ ეს პროდუქტი და იციან მისი ფასი“, – განაცხადა ქეთევან ჭელიძემ.
ქეთევან ჭელიძემ ყურადღება მათ მარკეტინგულ სტრატეგიაზე გაამახვილა, რომლის მიხედვითაც, 2025 წელს, სხვა წლებთან შედარებით, დიდი რესურსი დაიხარჯება ციფრულ მარკეტინგში, რათა მათ სამიზნე აუდიტორიაზე გასვლა შეძლონ და მაღალ მხარჯველუნარიანი ბაზრები მოიზიდონ.
„ძალიან დიდ რესურსს ვუთმობთ მარკეტინგულ მიმართულებას. 2025 წელს, გაცილებით მეტი რესურსი გამოვყავით ციფრულ მარკეტინგში, რათა წინ წავწიოთ და ევროპიდან მეტი ჯავშანი მოვიზიდოთ. ძალიან აქტიურად ვმასპინძლობთ საინფორმაციო ტურებს ლოკალურ პარტნიორ ტურისტულ კომპანიებთან კოლაბორაციით. ვცდილობთ, რომ ჩამოვიყვანოთ ისეთი კომპანიები, რომლებისთვისაც საქართველო ტურისტული მიმართულებით საინტერესოა“, – განაცხადა ჭელიძემ.
