Holiday Inn Express-ის მმართველი კომპანიის ხელმძღვანელის, ქეთი მიქაშავიძის შეფასებით, მიმდინარე პერიოდში სასტუმროების გაყიდვის ფაქტები სექტორში კრიზისის არსებობას არ ნიშნავს. როგორც მან გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას განმარტა, სასტუმროების მშენებელი ინვესტორების მიზანი მათი შემდგომი რეალიზება იყო, თუმცა სექტორი 2019 წლის მოგების ნიშნულს ჯერ კიდევ ვერ მიუახლოვდა.
მისივე განცხადებით, თბილისში სასტუმროების ნაწილი, მიმდინარე მდგომარეობის გათვალისწინებით, მძიმე მდგომარეობაშია.
„სასტუმრო სექტორს 2019 წლიდან დღემდე განსხვავებული გამოწვევები აქვს. მოლოდინია, რომ შედეგი წელი უკეთესი იქნება, თუმცა სულ ხდება რაღაც, კრიზისმენეჯერები გავხდით ფაქტობრივად. მიმდინარე ვითარება თბილისში განსხვავებულია, ბევრი სასტუმრო მძიმე მდგომარეობაშია, ბევრი დაიკეტა კიდეც. ბევრზე გავრცელდა ინფორმაცია რომ იყიდება, თუმცა ამაში უცნაური არაფერია. ის შენდება ისე, როგორც სხვა დეველოპმენტი და მიზანი ფულის შოვნაა. გაყიდვა ამის ერთ-ერთი შესაძლებლობაა. ასე რომ, ის რომ სასტუმროები იყიდება, მე ამას არ დავუკავშირებდი პირდაპირ კრიზისს, ეს ნორმალური პროცესია – აშენდა და როგორც ბიზნესი იყიდება. რა ფასში იყიდება, ეს არის მნიშვნელოვანი.
2019 წლის მდგომარეობაში არ ვართ და ის რაც მაშინ იყო მოსალოდნელი, დღეს ძალიან რთული მისაღწევია. შესაძლოა შემოსავლები აღდგა რაღაც კუთხით ინდივიდუალურად, თუმცა ფაქტია, რომ ხარჯების სტრუქტურა იმდენად დამძიმებულია, რომ იგივე მოგებაზე გასვლა რაც 2019 წელს გვქონდა, ძალიან რთულია,“ – განაცხადა მიქაშავიძემ.
