ბევრი სადგური აშენდა, მაგრამ არცერთი წყალსაცავიანი ჰესი არ შესულა ექსპლუატაციაში – ენერგეტიკოსი (bm.ge)

ენერგეტიკოსი გია არაბიძე ათობით ენერგოპროექტის განხილვის შეწყვეტასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებას იწონებს და ამბობს, რომ ფიქტიური კონტრაქტების გადახედვა აუცილებელი იყო. მისი თქმით, ასეთი კონტრაქტების ბაზარზე ქმნის შთაბეჭდილებას, რომ სიმძლავრეები ათვისებულია, თუმცა რეალურად პროექტების არ ხორციელდება.
საქმე ისაა, რომ მთავრობის 13 ოქტომბრის განკარგულებით შეწყდა ათობით ენერგეტიკული პროექტის განხილვა, რომლებზეც საინვესტიციო შეთანხმებები (მემორანდუმები) არ იყო გაფორმებული. როგორც მ განაცხადა, გეგმაში მოაზრებულ არაერთ პროექტში ხარვეზები იყო და ზოგადად, ენერგეტიკის სექტორში მიდგომები შესაცვლელია.
გია არაბიძე ამბობს, რომ მთავარია აქცენტი გაკეთდეს მსხვილი, მარეგულირებელი ჰესების მშენებლობაზე, რომელიც სისტემის მდგრადობას განაპირობებს. ამასთან, გია არაბიძის რეკომენდაციაა, რომ მუშაობა უნდა გაგრძელდეს დამაგროვებელ სადგურებზეც.
“ფიქტიური მემორანდუმები და ფიქტიური კონტრაქტები, რომელიც არაფერს არ აძლევს სახელმწიფოს, უნდა გადაიხედოს, ვინაიდან თითქოს ყველაფერი დალაგებულია, ყველა სიმძლავრეები ათვისებულია, მაგრამ გადის წლები და ვერ ვხედავთ ამ სიკეთეს. ქაღალდის პროექტები უნდა გაუქმდეს და მის ადგილას გაჩნდეს ისეთი ხელშეკრულებები, რასაც ენერგეტიკული გენერაციის ობიექტები ჰქვია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა გახლავთ.
მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება არის, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ მაქსიმალური განახლებადი ენერგიის ათვისება. მრავალი სადგური და სიმძლავრეები შევიდა ექსპლუატაციაში ბოლო წლების განმავლობაში, მაგრამ მაგასაც უნდა სერიოზული დარეგულირება. დარეგულირება რას ნიშნავს? 20%-იან კრიტიკულ ზღვარს რომ მივაღწიეთ, უცებ შევაჩერეთ სადგურების ქსელზე მიერთება. რატომ? იმიტომ, რომ არ გვაქვს ჩვენ სარეზერვო სიმძლავრეები, რომ ცვლადი ენერგიის წყაროები პრობლემის გარეშე, ენერგოუსაფრთხოებით და ენერგოსტაბილურობით მივაწოდოთ სისტემას.
ამისათვის ორი გზა მოიძებნა: ერთი გზა, ეს არის წყალსაცავიანი ჰესების მშენებლობა, რაზეც კატეგორიულად პრობლემებს გვიქმნიან. საკმაოდ ბევრი სადგური აშენდა რაოდენობრივად, მაგრამ არცერთი წყალსაცავიანი ჰესი, რომელიც დაიცავს და ჩვენი სისტემის მდგრადობას განაპირობებს, არ შეგვიყვანია ექსპლუატაციაში. ეს არის მთავარი ამოცანა.
ამას თუ ვერ ვახერხებთ და ვერ ვაკეთებთ, ამ შემთხვევაში დამაგროვებლებზე მაინც უნდა ვიფიქროთ და ვიმუშაოთ”, – ამბობს ენერგეტიკოსი გია არაბიძე.
bm.ge