„ადგილზე მერიის სამსახურს შენობის შემოღობვა რომ დაეწყო ვისაც კამერა აქვს ყველა მივიდოდა და დაიწყებოდა საუბარი იმაზე, რომ ადამიანებს ლუკმაპურის შოვნის უფლებას ართმევთ. მე გეუბნებით რომ ბევრი რამე ცივი გონებით, არაპოპულარული ნაბიჯებით არის გასაკეთებელი,“ – ეს განცხადება კომპანია „არსის“ დამფუძნებელმა ირაკლი როსტომაშვილმა გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტთან“ საუბრისას გააკეთა.
როსტომაშვილი თვლის, რომ იმ შემთხვევაში თუკი მძიმე დაზიანების მქონე სახლებს მესაკუთრეები არ ტოვებენ, ამ დროს სახელმწიფოს მიდგომა უფრო მკაცრი უნდა იყოს.
„გუშინდელი სახლი არანაირ ისტორიულ უბანში არ იყო და მისი დემონტაჟი და სხვისი აშენება იქ, არანაირი პრობლემას არ წარმოადგენდა. მაგრამ მანდ რომ მერიის რომელიმე სამსახური მისულიყო და დაეწყო შენობის შემოღობვა ატყდებოდა ამბავი, ვისაც კამერა აქვს ყველა მივიდოდა და დაიწყებოდა საუბარი იმაზე, რომ ადამიანებს ლუკმაპურის შოვნის უფლებას ართმევთ და ა.შ. მე გეუბნებით, რომ ბევრი რამე ცივი გონებით არის გასაკეთებელი, არაპოპულარული ნაბიჯებით.
თბილისურ ეზოებში საშინელი ავარიული მდგომარეობაა, საოცრება ხდება. ერთი მაგალითი ვიცი, სადაც 12 ოჯახია, აქედან ორი ადგილზე არ ცხოვრობს და ისინი ელოდებიან ჯეკპოტის მოგებას, ელიან რომ ერთ ოთახში ვიღაც მივა და 20 ოთახს მისცემს, სხვა შემთხვევაში არ თანხმდება. ამასობაში ის 10 ოჯახი გაგიჟებულია, რა უნდა ქნან? ამიტომ ამას უნდა მიეხმაროს კანონი, სახელმწიფო. სხვანაირად არ გამოდის, ეს არ უნდა მოხდეს ძალადობით, უნდა დაარეგულიროს კანონმა,“ – განაცხადა როსტომაშვილმა.
მისივე თქმით, აუცილებელია შენობების ინვენტარიზაცია დაიწყოს და ქალაქმა მის რეაბილიტაციაზე ეტაპობრივად, არსებული სიმძიმის გათვალისწინებით სისტემურად იზრუნოს. როსტომაშვილი ამბობს, რომ 10-ათასიანი ავარიული ფონდისთვის საჭირო ბიუჯეტის მოცულობა 30-40 მლრდ ლარს აღწევს.
„მზად ვარ ჩემი ცოდნა და გამოცდილება ამ მიმართულებას მოვახმარო, ჩვენი ქალაქია, აუცილებლად რაღაც უნდა ვქნათ, მხოლოდ ფაქტის მერე არ უნდა ვისაუბროთ, ეს ყველა ჩვენგანის ბრალია. გასაკეთებელია ყველა შენობის ტექნიკური პასპორტი, ინვენტარიზაცია, ჩვენ უნდა ვიცოდეთ მათზე ინფორმაცია როგორც ვიცით ავტომობილზე. თუ მანქანის მუხრუჭები არ იჭერს და საჭე არ მუშაობს იმას ხომ აჩერებენ? ზუსტად იგივეა შენობებზე. ნახაზების, განმარტებითი ბარათების დონეზე უნდა ვიცოდეთ რა არის გაკეთებული, ყველა შენობას ერთვის ეს პროექტი. შემდეგ როგორ უნდა მოხდეს კაპიტალური რემონტი, რა უნდა გაკეთდეს, აუცილებლად ყველა შენობას სჭირდება ეს.
სხვადასხვა ინფორმაციით დაახლოებით 10 ათასი ავარიული სახლია აღრიცხული, 2002 წელს დაიწყო ეს პროცესი რომელშიც მეც ვიყავი ჩართული. ოთხი კატეგორია იყო. მეოთხე იყო ისეთი, რომელიც აღდგენას არ ექვემდებარებოდა, მესამე საჭიროების შემთხვევაში. მეორე იყო ისეთი, რომელსაც კონსტრუქციული დაზიანება არ ჰქონდა და მარტივ რეაბილიტაციას ექვემდებარებოდა. და პირველი, რომელიც შესაძლოა საკანალიზაციო ქსელის ან სანიაღვრე სისტემის პრობლემით ყოფილიყო. ამ ყველა ფაქტორით იყო არის დათვლილი ეს 10 000 და მოიაზრებს როგორც ხრუშჩოვკებს, ისე ლოტკინის დასახლებას, ისტორიულ ზონებს და სხვა და სხვას. ამას სჭირდება მუდმივი მონიტორინგი, თუ ეს არ აღმოიფხვრა მეორე გადადის მესამეში და მესამე მეოთხეში. ეს ქალაქი 1,3 მლნ ადამიანის სახლია და უნდა ვიზრუნოთ ამაზე.
ჩემი დათვლებით საუბარია 30-40 მლრდ ლარზე საიდან მოგვაქვს ეს თანხა? ამისთვის საჭიროა რიგითობის დაწესება, შესწავლა და სახელმწიფო პროგრამის არსებობა რომელიც თბილისის რეაბილიტაციაზე იმუშავებს. არ შეიძლება არასისტემურად ამის კეთება,“ – განაცხადა ირაკლი როსტომაშვილმა.
bm.ge
