უცხოეთში მკურნალობის გადაწყვეტილებას ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ქართველი იღებს. სამედიცინო სფეროში დასაქმებულების დაკვირვებით, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მკურნალობისთვის უმეტესად ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტები მიდიან, მაშინ როცა წინა წლებში ასეთ არჩევანს კარდიოლოგიური დახმარების საჭიროების მქონე პაციენტები აკეთებდნენ.
ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ჯანდაცვის ექსპერტი ნინო მირზიკაშვილი გვეუბნება, რომ პრობლემა დაუყოვნებლივ მოსაგვარებელია, რადგან თუ პაციენტების გადინება უსასრულოდ გაგრძელდა თანხა, რომელიც შეიძლება პრობლემების მოსაგვარებლად გამოვიყენოთ სხვა ქვეყნებში დაიხარჯება.
“აღარ არის, როგორც ადრე იყო, ერთეული შემთხვევები, ან მხოლოდ გართულებული დიაგნოზები, ან თუნდაც მხოლოდ ონკოლოგია. დღეს ძალიან ბევრი მიმართულებით და არა მხოლოდ ონკოლოგიის მიმართულებით, პაციენტები ცდილობენ მოიძიონ თუნდაც ალტერნატიული შესაძლებლობა, სადაც უკეთეს სამედიცინო მომსახურების ხარისხს მიიღებენ.
საქართველოსთვის, რა თქმა უნდა ძალიან ცუდია და ერთი, რომ ამას აქვს ფინანსური უარყოფითი ეფექტი და ამას თიბისი კაპიტალის კვლევაც ადასტურებს, როგორი მზარდია ეს ფინანსები, რომელიც გაედინება ქვეყნიდან.
მეორე ყველაზე მნიშვნელოვანია ექიმების განვითარება, სამედიცინო პერსონალის განვითარება, მედდების განვითარება. დღეს ბევრი ექიმი, მაგალითად, ანიჭებს უპირატესობას გააგზავნოს პაციენტი თურქეთში, ვიდრე ვთქვათ თავად უმკურნალოს მას. თუნდაც თუ ოდნავ გართულებული შემთხვევაა, ცდილობს თავიდან აირიდოს ზედმეტი თავის ტკივილი. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხარისხის კუთხით. საქართველოში ონკოლოგიის განვითარება არის აუცილებელი და კი, დღეს მნიშვნელოვანია თუნდაც ბავშვთა ონკოლოგიაში რა ნაბიჯებიც იდგება, მაგრამ ადგილობრივი სერვისების განვითარების გარეშე შეუძლებელია, რომ მხოლოდ დამოკიდებული ვიყოთ თუნდაც ბავშვთა ონკოლოგიაში უცხოეთში მიღებულ სამედიცინო მომსახურებაზე.
ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ რაღაცნაირად სახელმწიფო პოლიტიკა იმდენად შეიცვალოს, რომ ფინანსური რესურსი დარჩეს აქ და განვითარდეს ადამიანური რესურსი, ექიმების და ექთნების,”- ამბობს ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ჯანდაცვის ექსპერტი ნინო მირზიკაშვილი.
ცნობისთვის: “თიბისი კაპიტალის” ინფორმაციით, სამედიცინო სერვისების ექსპორტს, იმპორტი მნიშვნელოვნად აღემატება. უფრო კონკრეტულად მხოლოდ 2024 წელს საქართველოს რეზიდენტებმა უცხოეთში მკურნალობაზე 33 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯეს, მაშინ როცა უცხოელების ხარჯი საქართველოში 2 მილიონ დოლარამდე იყო. რაოდენობრივ მონაცემებს რაც შეეხება, საზღვარგარეთ სამკურნალო/გამაჯანსაღებელი მიზნით 50 000 მოქალაქე გაემგზავრა.
