ბევრი ბინა ვეღარც ქირავდება – ბინის ქირაზე მოთხოვნა კიდევ შემცირდა, აქტიურ სეზონზეც კი კლებაა

უძრავი ქონების გაქირავების კუთხით ბაზარზე მოთხოვნა შემცირებულია. მართალია, ის არ გაიაფებულა, მაგრამ ბროკერებისთვის რთული გახდა ბინის გაქირავება. ამ სეგმენტში დიდი ვარდნაა. განსაკუთრებით უჭირთ პრემიუმ კლასის ბინების მფლობელებს, ხოლო, რაც შეეხება ბიუჯეტურ ბინებს, მასზე მოთხოვნა მუდამ მაღალია. ამ კუთხით ბაზარზე დეფიციტია და მოთხოვნის დაკმაყოფილება ძნელია.
როგორც წესი, მარტიდან მოყოლებული ბაზარი აქტიურობით გამოირჩევა, თუმცა ამ დღესდღეობით, როგორც სფეროს სპეციალისტები ამბობენ, მდგომარეობა არასახარბიელოა. რაც შეეხება საიჯარო ფასს, ის დასტაბილურებულია და ვარდნის პერიოდი შეჩერებულია.
საბროკერო კომპანია ,,კიბეს” წარმომადგენელმა ნელი გოგუაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გაქირავების მიმართულება სტაგნაციას განიცდის. გაზაფხულმა ის აქტივობა ჯერჯერობით ვერ მოიტანა, რისი მოლოდინიც ჰქონდათ. ამას თან ერთვის რთული მდგომარეობა, რომელიც ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს.
,,მართალია, უკვე გაზაფხულია და დაინტერესება მაღალი უნდა იყოს, მაგრამ ის აქტივობა ნამდვილად არ გვაქვს, რა მოლოდინიც წინასწარ იყო. მოგეხსენებათ, დედაქალაქში ქირაზე მოთხოვნა მუდმივად მზარდია, მაგრამ ყველაზე მეტად გვიკავშირდებიან მომხმარებლები, რომლებიც ე.წ. ,,ბიუჯეტური” ბინებით არიან დაინტერესებული. ასეთი ქირა კი ყოველთვის ცოტაა. ფაქტობრივად, თუკი სადმე გამოჩნდება ბინა დაბალ ფასში, მალევე ქირავდება. ეს ზოგად მდგომარეობაზე არ აისახება, რადგან ბაზარი ძირითადად გაჯერებულია მაღალი დონის, ბინებით, სადაც დამქირავებლისთვის ყველანაირი კომფორტი არსებობს. სამწუხაროდ, ასეთი ბინის დაქირავება მეპატრონეებს დაბალ ფასად არ უღირთ. ამიტომაც, ვერ ქირავდებდა და ამ კატეგორიის ბინები ბევრია, მომხმარებელი კი – ცოტა.
საქართველოს მოქალაქე ცდილობს, რაც შეიძლება მეტი შეღავათი გაეწიოს, დაბალ ფასად დაიქირაოს და ფართის მდგომარეობას, ხშირ შემთხვევაში, უკანა პლანზე აყენებს. ცხადია, მათ სჭირდებათ დაქირავება, მაგრამ უჭირთ მაღალი ფასის გადახდა. ფაქტია, ეკონომიკური პრობლემები, რომელიც მოსახლეობას აწუხებს, პირველ რიგში, აქ ვლინდება. ყველას უნდა კომფორტი, კარგ მოწყობილ ბინაში ცხოვრება, მაგრამ ფინანსურად ვერ უმკლავდებიან. გაზაფხულია, ვფიქრობდი, ბაზარი უფრო გააქტიურდებოდა, მაგრამ ჯერჯერობით კვლავ იგივე სურათი გვაქვს. მიწოდება ჭარბია, მოთხოვნა – ნაკლები. ასეთ დროს ფასები ზოგადად იკლებს ხოლმე, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ამ ეტაპზე ასე არაა. მიმდინარე წლის დასაწყისში ცვლილება თითქმის არ ყოფილა და არც მომავალში ვფიქრობ, რომ დაქირვება გაიაფდეს. თუ მოთხოვნა კიდევ შემცირდა, ასეთ შემთხვევაში შეიძლება ფასები კლებისკენ წავიდეს.
პრობლემებია გაყიდვის მხრივაც და რთული ვითარებაა დაგირავების კუთხითაც. გირა საკმაოდ ძვირია, მომხმარებელი კი – ცოტა. ამიტომაა დღეს დაგირავებაც თავისებურ სირთულეს წარმოადგენს. მოკლედ, ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ პრობლემა ყველა მიმართულებით არის. უძრავი ქონების სფეროში ვითარება კვლავ რთულია. გვიძნელდება ბროკერებს მუშაობა. თუ ეკონომიკური ვითარება არ გაუმჯობესდა, ვფიქრობ, უახლოეს მომავალში მუშაობა ძალიან გაგვიჭირდება”, – განაცხადა ნელი გოგუაძემ და დასძინა, რომ დამქირავებლები თავშეკავებულები არიან. არასტაბილური მდგომარეობა აფრთხობთ და მოლოდინის რეჟიმში არიან.
რაც შეეხება ფასებს, ის უბნებისა და ადგილის მიხედვით მერყეობს. გარეუბნებში 1-ოთახიანი საშუალო დონის ბინის ქირის ფასი 600-700- ლარამდეა, თუმცა ღირებულება ხარისხის, კორპუსისა და ადგილმდებარეობის მიხედვით განისაზღვრება და შესაბამისად, ცვალებადიცაა. თუ ახალაშენებული კორპუსია, ბინა იქ გაცილებით ძვირად ქირავდება.
მართალია, გაზაფხული უძრავი ქონების ბაზრისთვის განსაკუთრებით აქტიური პერიოდია, მაგრამ ეს სეზონური გამორჩეულობა დღეს სფეროს არ ეტყობა. სპეციალისტები ერთხმად ადასტურებენ, რომ სფეროში სირთულეებია. მიწოდების კუთხით დეფიციტი არაა, მაგრამ მომხმარებელთა რაოდენობა მუდმივად იკლებს.
საინტერესოა, რას უკავშირებს სფეროში არსებულ სირთულეებს ,,ჯეორეალთის” დამფუძნებელი მაია გამზარდია. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფასები ასე თუ ისე სტაბილურია, მაგრამ გაქირავება და მომხმარებლის მოძიება ბაზარზე რთულია.
,,ჩემი კომპანიის საფუძველზე შემიძლია გითხრათ, რომ მოთხოვნა ქირაზე შემცირებულია, ფასები კვლავ კლებისკენაა. ეს ეხება, როგორც პრემიუმ კლასის ასევე საშუალო სეგმენტის ბინებს. ვარდნის ტენდენცია ყველა მიმართულებით იკვეთება. მოგეხსენებათ, უძრავი ბაზარის სფერო სენსიტიურია და ქვეყანაში არსებული სირთულეები, პირველ რიგში, ჩვენს სეგმენტზე აღინიშნება.
შედარებით სხვა სურათია ე.წ. ,,ბიუჯეტურ” ბინებზე. მართალია, ამ მიმართულებით არ ვმუშაობ, მაგრამ ვიცი, რომ მოთხოვნა დღითი დღე მზარდია. ეს გარემოებაც მიუთითებს, თუ როგორი სოციალური ფონია ჩვენს ქვეყანაში. ცხადია, როცა ადამიანის ეკონომიკური მდგომარეობა არასტაბილურია ის ცდილობა, საკუთარ შემოსავალს მოერგოს. ვერ დამისახელებთ ადამიანს, ვისაც ეეხალისებოდეს ასეთ ბინაში ცხოვრება. თქვენ იცით, რომ კომფორტი ყოველთვის ფასთან შესაბამისობაშია. არსებული დამოკიდებულება კი, ცალსახად მეტყველებს შექმნილ ვითარებაზე.
მიუხედავად გაქირავების კუთხით არსებული სირთულეებისა, ფასები ბაზარზე შენარჩუნებულია. გაზაფხული აქტიური სეზონია და იმედს ვიტოვებ, სფეროშიც გამოცოცხლება დაიწყება. არაა გამორიცხული, რომ მომდევნო თვეებში მოთხოვნა უფრო გამოიკვეთოს და სფეროს გამოცოცხლება დაეტყოს”, – აღნიშნა გამზარდიამ.
წყარო: “რეზონანსი”