„ბევრი ადამიანი შესახლდა დევნილების სახლებში და ამ ქონებას განკარგავდნენ. ახლა ცდილობენ, რომ ეს საკუთრება იყოს მათი, თუნდაც ამ კანონის საფუძველზე“ – აფხაზეთში ახალი აკრძალვა დაწესდა

„ბევრი ადამიანი შესახლდა დევნილების სახლებში და ამ ქონებას განკარგავდნენ. ახლა ცდილობენ, რომ ეს საკუთრება იყოს მათი, თუნდაც ამ კანონის საფუძველზე“ – აფხაზეთში ახალი აკრძალვა დაწესდა
1992–1993 წლების ომში მონაწილე საქართველოს მოქალაქეებსა და მათი ოჯახების წევრებს ს ტერიტორიაზე უძრავი ქონების მემკვიდრეობით მიღება ეკრძალებათ. შესაბამისი ე.წ. კანონი აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა დაამტკიცა. დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, ცვლილება მიზნად ისახავს “რესპუბლიკის მტრულად განწყობილი პირებისთვის ყველა ხვრელის ამოვსებას“.
ე.წ. ახალი კანონი აფართოებს იმ პირთა ჩამონათვალს, ვისთვისაც მემკვიდრეობის მიღების უფლება იზღუდება. დოკუმენტში ნათქვამია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მათი ოჯახის წევრები ვერ შეძლებენ უძრავი ქონების მემკვიდრეობით მიღებას, თუ:
· მონაწილეობდნენ ან მონაწილეობენ აფხაზეთის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ ბრძოლაში;
· გეგმავდნენ ან ამზადებდნენ ომს აფხაზეთის წინააღმდეგ;
· ან 1992 წლის 14 აგვისტოდან 1993 წლის 30 სექტემბრამდე საქართველოს სახელმწიფო საბჭოს კონტროლის პირობებში მოქმედ ქართულ შეიარაღებულ ფორმირებებში მონაწილეობდნენ ან სხვა ფორმით უწყობდნენ ხელს.
საკითხზე ,,კომერსანტი“ მოძრაობა „სამოქალაქო თანხმობის“ დამფუძნებელს შმაგი სამხარაძეს ესაუბრა. მისი განცხადებით, აფხაზეთში საზოგადოებას მიაჩნია, რომ ომში მონაწილე საქართველოს მოქალაქეებს აფხაზეთის ტერიტორიაზე უძრავი ქონების შეძენა და ფლობა აკრძალული უნდა ჰქონდეთ. შმაგი სამხარაძე ამბობს, რომ პრობლემა მხოლოდ ეს არ არის. აფხაზეთიდან დევნილებს, რომლებიც ომში მონაწილეობდნენ და ასევე, მათი ოჯახის წევრებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ უშვებენ. მათ შესაბამის ნებართვას არ აძლევენ.
,,აფხაზეთში, საზოგადოებაში აქვთ ასეთი წარმოდგენა, რომ ვინც მონაწილეობდა ომში და მათ ოჯახებს ეკრძალებათ იქ უძრავი ქონების შეძენა. შეძენა ერთი საკითხია და მეორე არის ის, რომ მათ ურთულდებათ აფხაზეთში შესვლა. თუ კი ვინმეს სურს ოკუპირებულ აფხაზეთში ენგურიდან შესვლა ნებართვის აღებაა საჭირო. მე როგორც ვიცი, იმ ადამიანებს არ უშვებენ ვინც ომში მიიღო მონაწილეობა ან მათი ოჯახის წევრია. ომის შემდეგ აფხაზეთში იყო ასეთი მცნება ,,მოპოვებული სახლები.“ აქ ასახლებდნენ ე.წ. ომის გმირებს. ბევრი ადამიანი შესახლდა დევნილების სახლებში და ამ ქონებას განკარგავდნენ თავის ნებაზე. დაიკავეს ეს სახლები და გაინაწილეს. ახლა ცდილობენ, რომ ეს საკუთრება იყოს მათი, თუნდაც ამ კანონის საფუძველზე. მიაჩნიათ, რომ ეს არის მათი საკუთრება.”- აცხადებს შმაგი სამხარაძე.
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია ცნობილია. დევნილები უნდა დაბრუნდნენ, რაც არაერთ რეზოლუციაშია დაფიქსირებული.
,,ეს არის გაცხადებული პოლიტიკა, რომ დევნილები უნდა დაბრუნდნენ. არსებობს ბევრი შეთანხმება და რეზოლუცია, რაც აღიარებს ამ ადამიანების ქონებას. თუმცა, აფხაზებს აქვთ სხვა არგუმენტაცია. მათი პოზიციით ეს იყო დანაშაული. ამბობენ, რომ თავის დროზე ეს ადამიანები ჩასახლებულები იყვნენ აფხაზეთში. მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ამ პროცესს შეუშალონ ხელი. ბევრი დევნილი აქტივისტი მოითხოვენ, რომ მათი ქონება აღრიცხული იყოს მათ სახელზე და დასაკუთრებული იყოს მათ მიერ. იმათ თავისი ხედვა აქვთ, ჩვენ ჩვენი და ეს არის კონფლიქტური საკითხი.”- აცხადებს შმაგი სამხარაძე.
შმაგი სამხარაძე აცხადებს, რომ პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა დევნილი მოსახლეობის ქონების აღრიცხვა და საკითხის იურიდიულად გამართვა. მოძრაობა „სამოქალაქო თანხმობის“ დამფუძნებელი განმარტავს, რომ ეს პროცესი დაწყებულია თუმცა მისთვის უცნობია თუ რა ეტაპზეა.
,,უპირველეს ყოვლისა უნდა მოხდეს აღრიცხვა, მისამართების დატანა და საკუთრება უნდა აღირიცხოს საკადასტრო კოდებით. ყველა სახლი და ქონება იურიდიულად უნდა იყოს დევნილების საკუთრებაში და ეს უნდა იყოს აღიარებული, თუნდაც სხვადასხვა რეზოლუციებში. რამდენად არის ტექნიკურად ეს საკითხი უზრუნველყოფილი ამაზე ნაკლებ ინფორმაციას ვფლობ. ვერ გეტყვით რა ეტაპზეა ეს პროცესი. იყო ამაზე საუბრები.”- აცხადებს შმაგი სამხარაძე.