ბედნიერების ინდექსით მსოფლიოს 147 ქვეყანას შორის საქართველო 91-ე ადგილზეა. ამის შესახებ 2025 წლის World Happiness Report-ში წერია, რომელიც გაერო-ს ექსპერტებისა და კვლევით ცენტრ Gallup-ის მიერ შედგენილი რეიტინგია. ანგარიში Gallup-ის ვებგვერდზე ვრცელდება.
საქართველოში ცხოვრების შეფასების კოეფიციენტი 5.517-ია. შედარებისთვის: რეიტინგის ლიდერი ქვეყნის, ფინეთის ეს მაჩვენებელი 7.764, ხოლო აუთსაიდერ ავღანეთის 1.446-ია.
World Happiness Report 147 ქვეყნის, თითქმის, 100 000 ადამიანის პასუხს ეყრდნობა. მოქალაქეებს სთხოვენ, თავიანთი ცხოვრება რამდენიმე კრიტერიუმით შეაფასონ, როგორიც არის, მათ შორის, სოციალური მხარდაჭერა, თავისუფლება, კეთილშობილება, კორუფციის აღქმა და ჯანდაცვა. ანგარიშის ავტორები, ასევე, აგროვებენ დამატებით მაჩვენებლებს, როგორიც არის მშპ ერთ სულ მოსახლეზე და ჯანსაღი სიცოცხლის ხანგრძლივობა.
სომხეთში და რუსეთში მოსახლეობა უფრო ბედნიერი, ვიდრე საქართველოში – რეიტინგი
რეგიონისა და ახლო სამეზობლოს ქვეყნებიდან საქართველოს რეიტინგში სომხეთი მხოლოდ ორი პოზიციით, რუსეთი კი მთელი 11 პოზიციით უსწრებს. კერძოდ, სომხეთი (5.584) 89-ე, ხოლო რუსეთი 79-ე (5.834) ადგილზეა. თუმცა საქართველო, თავის მხრივ, თურქეთზე და აზერბაიჯანზე წინაა. კერძოდ, თურქეთი ცხოვრების შეფასების 5.300-იანი კოეფიციენტით საქართველოზე სამი პოზიციით უკან, ანუ 94-ე ადგილზე, ხოლო აზერბაიჯანი (4.993) 102-ე პოზიციაზეა.
World Happiness Report-ის ავტორები განმარტავენ, რომ რეიტინგი სოციოლოგიური მოთხოვნების მკაცრი შესაბამისობით არის შედგენილი, თუმცა ქვეყნის წარმატება მხოლოდ ფულით ან განათლებაზე წვდომით ყოველთვის არ შეიძლება, აიხსნას. იმაში, თუ როგორ აფასებენ ადამიანები საკუთარ ცხოვრებას, მნიშვნელოვან როლს თამაშობს საზოგადოების განცდა და იმის ცოდნა, რომ ყოველთვის დაგეხმარებიან.
მსოფლიო ბედნიერების ანგარიშში მეცხრე წელია, ზედიზედ პირველ ადგილს ფინეთი (7.764) იკავებს. მიზეზად დასახელებულია ფინური საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ნდობა: ის ადამიანებს საშუალებას აძლევს, თავი უსაფრთხოდ იგრძნონ. კიდევ ერთი მეტად მნიშვნელოვანი მიზეზი ბუნებასთან სიახლოვეა, რაც ყოველდღიური საზრუნავისგან თავის დაღწევას უზრუნველყოფს. ასევე, მნიშვნელოვანია სოციალური უზრუნველყოფისა და ჯანდაცვის კარგად მოქმედი სისტემები, მთავრობის მიმართ ნდობის მაღალი, ხოლო კორუფციის დაბალი დონეები. დაბოლოს, ფინელებს შორის მნიშვნელოვან როლს ასრულებს შინაგანი მდგრადობა და მტკიცე გადაწყვეტილება, რომ ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი წინსვლა გააგრძელო.
თუ ფინეთი მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქვეყანაა, ყველაზე ბედნიერ რეგიონად ჩრდილოეთ ევროპა დასახელდა. ისლანდიამ და დანიამ რეიტინგში მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს, ხოლო ტოპ 20-ეულში, ასევე, ბელგია, გერმანია, ირლანდია, სლოვენია, ავსტრია და ჩეხეთი მოხვდნენ.
მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქვეყნების 2025 წლის ტოპ 10-ეული ასეთია:
- ფინეთი (7.764)
- ისლანდია (7.540)
- დანია (7.539)
- კოსტა-რიკა (7.439)
- შვედეთი (7.255)
- ნორვეგია (7.242)
- ნიდერლანდები (7.223)
- ისრაელი (7.187)
- ლუქსემბურგი (7.063)
- შვეიცარია (7.018)
რაც შეეხება ანტირეიტინგს, მასში ავღანეთი (1.446) ლიდერობს, შემდეგი კი სიერა-ლეონე (3.251) და მალავია (3.284).
მსოფლიოში ყველაზე უბედური ქვეყნების 2025 წლის ტოპ 10-ეული ასეთია:
- ავღანეთი (1.446)
- სიერა-ლეონე (3.251)
- მალავია (3.284)
- ზიმბაბვე (3.346)
- ბოტსვანა (3.464)
- იემენი (3.532)
- ლიბანი (3.723)
- კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა (3.761)
- ეგვიპტე (3.862)
- ტანზანია (3.902)




