„ბეგმანო“ გაფართოებას და ფიზიკური მაღაზიის გახსნას გეგმავს

ხელნაკეთი სამკაულების ბრენდი „ბეგმანო“ რამდენიმე წელია ბაზარზე ოპერირებს. სამკაულები სახლში მოწყობილ სახელოსნოში მზადდება და იყიდება ონლაინ, თუმცა იგეგმება გაფართოება და ფიზიკური მაღაზიის გახსნა.
კომპანიის დამფუძნებლის თქმით, საწყის ეტაპზე, იგეგმებოდა მხოლოდ ხელჩანთების წარმოება, თუმცა კომერციული დატვირთვა ბრენდმა სამკაულების მხრიდან მიიღო.
„კომპანია შეიქმნა 2017 წელს, თუმცა ყველაფერი გაცილებით ადრე დაიწყო. ხელსაქმე ჩემი ჰობი იყო, ბავშვობიდან მაინტერესებდა ყველაფერი, რაც ხელით იქმნებოდა და გზადაგზა ყველაფერს ვსწავლობდი. კომერციული სახე მინდოდა ხელჩანთებისთვის მიმეცა. ბრენდის სახელიც აქედან გამომდინარეობს, თუმცა კომერციული დატვირთვა ბრენდმა სამკაულების მხრიდან მიიღო. სამკაულებზე იმდენად დიდი მოთხოვნა იყო, ჩანთების დასამზადებლად დრო აღარ მრჩებოდა.
თავდაპირველად, ჩემ მიერ შექმნილი სამკაული მოეწონა ახლობელს, რომელსაც ვაჩუქე. ეს სამკაული მისმა მეგობრებმა შეამჩნიეს და მომცეს შეკვეთები. შემოსული თანხიდან ვყიდულობდი მასალას და ისევ ვქმნიდი სამკაულებს და ვყიდდი. ეს იმდენად სწრაფად ხდებოდა ჩანთებისთვის ვეღარც ვიცლიდი და გადავერთე სამკაულებზე, თუმცა ჩანთებს გამოფენებისთვის მაინც ვამზადებ“.
ნივთების დასამზადებლად საჭირო მასალების შეძენა ხდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. სარეალიზაციოდ გამზადებული ნივთების ფასი 50 ლარიდან იწყება და 250 ლარამდე მერყეობს.
„ სამკაულებს ვამზადებ სახლში,სადაც მოწყობილი მაქვს სამუშაო სივრცე. პროდუქტს ვყიდი ონლაინ და ასევე გამოფენებზე.
ვამზადებ სხვადასხვა სახის აქსესუარებს. ძირითადად სამაჯურებს, ყელსაბამებს, საყურეებს, ბეჭდებს, მზადდება უჟანგავ მეტალსა და ვერცხლზე, ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი ქვებით. მასალას ვარჩევ ჩემი გემოვნებით. ხშირ შემთხვევაში, ის მასალები, რომელსაც ვიყენებ, ქართულ ბაზარზე არ იშოვება და მიწევს ჩამოტანა, თუმცა გარკვეული სახის მასალებს ქართულ ბაზარზეც ვყიდულობ.
რაც შეეხება ნივთების ფასებს, საშუალოდ, 50 ლარიდან იწყება და 250 ლარამდე მერყეობს“.
როგორც „ბეგმანოს“ დამფუძნებელმა აღნიშნა, იგეგმება ფიზიკური მაღაზიის გახსნა, ექსპორტზე გასვლა კი გამოწვევად რჩება.
„ფიზიკური მაღაზიის გახსნა დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ყველაფერი გაყიდვებზეა დამოკიდებული, თუმცა შევეცდები უახლოეს მომავალში გავხსნა.
საბერძნეთსა და იტალიაში არაერთხელ გამიგზავნია შეკვეთები, თუმცა ექსპორტზე გასვლა ჯერჯერობით გამოწვევად რჩება. ვფიქრობ ამ გამოწვევასაც გადავლახავ“.