“ბებოს ჩირი” წარმოების 40%-იან ზრდას ვარაუდობს – გეგმები

USAID-ის „ძლიერი სოფლის“ პროგრამაში გამარჯვების შედეგად მიღებული თანხით „ბებოს ჩირმა“ საწარმოს გადაიარაღება შეძლო და წელს წარმოების 40%-იან ზრდასაც გეგმავს. ამის შესახებ გადაცემა „ქალების ნარატივში“ კომპანიის დამფუძნებელმა, ქეთევან ჯინიაშვილმა ისაუბრა.
„ძლიერი სოფლის პროგრამაში გამარჯვების შედეგად მოვიპოვეთ 80 000-ლარიანი გრანტი, რაც სრულად საწარმოს გადაიარაღებას მოხმარდა, ამით კი შესაძლებლობა მოგვეცემა მკვეთრად გავზარდოთ ჩირის წარმოება. ვფიქრობთ, 2024 წელს ჩირის წარმოების 40%-იანი ზრდა უნდა შევძლოთ. ზოგადად, საშუალოდ წლის განმავლობაში 15 ტონას ვაწარმოებთ”, – აღნიშნა ქეთევან ჯინიაშვილმა.
მისივე თქმით, ბოლო პერიოდში „ბებოს ჩირის“ პროდუქციაზე მოთხოვნა გაიზარდა, შესაბამისად, გაიზარდა ასორტიმენტიც.
“2022 წელს დავამატეთ საკონსერვო წარმოებაც, მურაბები, ჯემები, ტყემლები და ა.შ. ვამატებთ უფრო ისეთ სახეობებს, რომელიც იშვიათია. თუმცა განსაკუთრებული მოთხოვნა კვლავ ტყემლის საწებელზე რჩება. 2023 წელი “ბებოს ჩირმა“ რეალიზაციის 100%-იანი ზრდით დახურა”, – აღნიშნა ქეთევან ჯინიაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ “ბებოს ჩირის“ ყველა პროდუქტი ადგილობრივი ნედლეულით მზადდება, რომელთა ფასები დაახლოებით 4-6 ლარის ფარგლებშია. ცნობისთვის, “ბებოს ჩირის” წარმოება დუშეთში ხუთი წლის წინ დაიწყო. ინსპირაცია ბებოების მიერ მომზადებული ჩირის გემოები გახდა. ამჟამად პროდუქცია დუშეთში იწარმოება და თბილისში, საბურთალოზე, წარმოების ბრენდულ მაღაზიაში იყიდება.