ბახმაროში, თანხის სანაცვლოდ, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გადაცემისა და ნებართვის გარეშე მშენებლობის დაპირებისთვის ერთი პირი დააკავეს – კიდევ ერთი ადამიანი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვისაა დაკავებული

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გადაცემისა და ნებართვის გარეშე მშენებლობის დაპირებისთვის, სანაცვლოდ კი თანხის მოთხოვნის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
სუს-ის ინფორმაციით, საქმეზე კიდევ ერთი ადამიანი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვისაა დაკავებული
ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროში, ასევე სხვა საკურორტო ზონებში, სამწუხაროდ, ხშირია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების თვითნებურად დაკავების, უკანონოდ გასხვისებისა და მშენებლობის შემთხვევები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს, რათა მსგავსი ფაქტების მაქსიმალური პრევენცია მოხდეს.
ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ზემოთ ხსენებული დანაშაულებრივი შემთხვევის გამო ორი პირი დააკავეს.
ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ დაბა ბახმაროში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სარგებლობაში უკანონოდ გადაცემისა და შესაბამისი ნებართვის გარეშე კოტეჯების მშენებლობის სანაცვლოდ, ამავე ტერიტორიაზე კოტეჯების უკანონო მშენებლობაში ჩართულმა ბრალდებულმა, ერთ-ერთ მოქალაქეს 11 000 დოლარი მოსთხოვა. აღნიშნული თანხიდან მოითხოვა 7 000 დოლარის წინასწარ გადაცემა. მისი დაპირებით, თანხის გადაცემის შემდეგ, შესაძლებელი იქნებოდა სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე კოტეჯის უკანონოდ აშენება, რის გამოც როგორც მშენებლობის პროცესში, ისე მისი დასრულების შემდეგ, მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების მხრიდან მოქალაქეს პრობლემა არ შეექმნებოდა.
2025 წლის 6 ნოემბერს, მოთხოვნის შესაბამისად, 11 000 აშშ დოლარიდან მოქალაქემ ბრალდებულს წინასწარ გადასცა 7 000 აშშ დოლარი. თანხის გადაცემის შემდეგ ბრალდებული შეხვდა ააიპ ,,კურორტ ბახმაროს“ დირექტორის მოადგილეს, რომელიც საქმის კურსში იყო დანაშაულებრივი ქმედების შესახებ. მას შესთავაზა კურორტის ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობის მფარველობის სანაცვლოდ თანხის ნაწილის გადაცემა, თუმცა ააიპ ,,კურორტ ბახმაროს“ დირექტორის მოადგილემ ვეღარ გაბედა თანხის აღება, მიზეზად კი ბრალდებულს ახალი ხელმძღვანელობა – მუნიციპალიტეტის ახალი მერი და მისი მოადგილეები დაუსახელა. მასთან დაშორების შემდეგ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა მისთვის ცნობილი მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ.
საქმეზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ჩატარებულია ფარული საგამოძიებო მოქმედებები და მოპოვებულია დანაშაულის ჩადენის ამსახველი აუდიო/ვიდეო მტკიცებულებები.
აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 376-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობასა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს და სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს ანალოგიური დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენასა და მათ შემდგომ აღკვეთას. შესაბამისად, მოვუწოდებთ ყველა იმ მოქალაქეს, ვინც აპირებს საკურორტო ზონებში თუ სხვა ნებისმიერ ადგილას სახელმწიფოს კუთვნილი მიწების უკანონოდ მისაკუთრებას, უკანონო მშენებლობების წარმოებას და მსგავს ქმედებებს – უარი თქვან დანაშაულებრივი განზრახვის აღსრულებაზე და დაემორჩილონ კანონს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მოუწევთ შეეგუონ მკაცრ სასჯელს“,- განაცხადა გაგნიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – დმანისში მომხდარ ფაქტზე ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც სახის არეში მრავლობითი დარტყმის შედეგად დაზარალებული რკინის კიბეებიდან გადააგდო, დაზიანების შედეგად გარდაცვლილი კი თავისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა

გიორგი შარაშიძე – რა გასაკვირია, რომ თუნდაც ერთი წლის წინ ევროკავშირი უარყოფითად აფასებდა საქართველოს პროგრესს? – როგორ ფიქრობთ, ელჩს ასეთი მნიშვნელოვანი პოზიციის დაფიქსირება სურს და სამინისტროში გაგზავნილი რიგითი წერილით შემოიფარგლება?

შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელის ღირებულებითი უკუსვლა დაიწყო მაშინ, როდესაც დეზინფორმაცია და პროპაგანდა მისაღებ პოლიტიკურ იარაღად აღიარა – დადასტურდა, რომ კანონი ამერიკულია, რომ ინტეგრაცია ბრიუსელმა შეაჩერა და რომ ჯამი ჭურჭელია

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე დაკავებულთაგან ხუთ პირს, მათ შორის მანანა გიორგობიანს ბრალი წარედგინა – დადგინდა, რომ დაპირისპირება გიორგობიანისთვის სუპერმარკეტის თანამშრომლის მიერ თანხის დახურდავებაზე უარს მოჰყვა