ბახმაროში გამოწვევები ბევრია, მაგრამ ვცდილობთ გავუმკლავდეთ – ადგილობრივის შეფასება

ბახმაროში მდებარე, ერთ-ერთი კოტეჯის მენეჯერი, თამარ კოტრიკაძე BM.GE-სთან კურორტზე არსებულ ტენდენციებსა და გამოწვევებზე საუბრობს.
მისი თქმით, სტუმრებს კურორტზე 8 წელია მასპინძლობენ. კოტეჯი ზამთრის სეზონზეც აქტიურად მუშაობს და როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო სტუმრებს მასპინძლობს.
„გასული წელი საკმაოდ დატვირთული იყო და წელსაც აქტიურად ვიმუშავეთ. დამსვენებლები ზაფხულში ძირითადად გრძელვადიანად მოდიან. მაგალითად 1 თვე, სამი კვირა და ა.შ. ნაკლები დროით გაქირავება არც მიღირს. ხოლო ზამთარში, ტურისტები ძირითადად ერთ კვირიან ჯგუფურ ტურებში ჩამოდიან ხოლმე.
ჩვენი სტუმრები ზამთარში ძირითადად გერმანელები, ავსტრია და სხვა ევროპული ქვეყნებიდან არიან. გაზაფხულზე კურორტი ფაქტობრივად ფუნქციონირებას წყვეტს. მაის-ივნისიდან მუშაობა ახლდება და ძირითადად ჩვენი სტუმრები ამ პერიოდში ქართველები არიან. ფასები სეზონსა და სერვისზეა დამოკიდებული. მაგალითად, უცხოელებს კვების სერვისიც უნდათ ხოლმე და ფასი განსხვავებულია. მაგრამ ქართველებისთვის, ზაფხულში ერთი ღამით, 15 ადამიანზე კვების გარეშე განთავსება 600 ლარი ღირს.
ზამთარში ნარჩენების პრობლემა გვაქვს. იმდენად, რომ კურორტიდან ფაქტობრივად, ჩვენი ძალებით გაგვაქვს. დასუფთავების მანქანები ფიზიკურად ვერ ამოდიან და ამაშიც დამატებითი ხარჯების გაწევა გვიწევს. წყლის პრობლემა ჩვენ არ გვაქვს, რადგან ჩვენი რესურსებით გავაკეთეთ, ასევე შეშაზე მომუშავე ცენტრალური გათბობა გვაქვს. რეალურად, კურორტზე გამოწვევები დიდია, მაგრამ გარემოა ზღაპრული და შესაბამისად, ვცდილობთ ამ ყველაფერთან გამკლავებას,“- აცხადებს კოტეჯის მენეჯერი.
კოტრიკაძე სამომავლო გეგმებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მიმდინარე წელს, ზაფხულში გაფართოებას გეგმავენ. ამ ეტაპზე, საჭირო საინვესტიციო თანხები დათვლილი არ აქვთ.
მისივე ცნობით, გაფართოების საკითხში ორი ვარიანტი განიხილება. პირველი, რომ ახალი კოტეჯი ააშენონ, ხოლო მეორე შემთხვევაში არსებული კოტეჯის გაფართოებას გეგმავენ.