„ბახმარო არ უნდა იქცეს 10 ათას ნომრიანი სასტუმროების კურორტად, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას არ სჭირდება მსხვილი ინვესტიცია.“ – ეს განცხადება „პანორამა ბახმაროს“ დამფუძნებელმა გიორგი კეჭაყმაძემ „საქმიანი დილის“ ეთერში გააკეთა.
მისი თქმით, მიწოდების გათვალისწინებით ზამთრის სეზონი კურორტზე წარმატებული იყო, თუმცა ცნობადობის ზრდისთვის კურორტს მეტი აქტივობა ესაჭიროება.
„ზამთრის სეზონი კარგი იყო ხუთივე კომპანიისთვის ვინც სეზონზე ვოპერირებთ. აქტივობაა ევროპის მხრიდან, ვისაც გაუკვალავ თოვლში სრიალი მოსწონს, ვინც ალპებში და იაპონიაში სრიალებს. ჩვენს მაგალითზე 111 ადამიანს ვუმასპინძლეთ და მიუხედავად იმისა, რომ რაოდენობაში ცოტაა, ჩვენთვის მაინც კარგი რიცხვია. მომავალ წელს 250-300 ადამიანს ველით, აქედან 200 ადამიანზე ჯავშანი უკვე გვაქვს. ერთი ადამიანი სამომავლოდ ათს ნიშნავს, რადგან ყველა იღებს, საკმაოდ კარგი გიდებიც გვყავს. შეიძლება ითქვას, რომ ის ხუთი კომპანია რომელიც ვმუშაობთ აქ, ვეწევით კურორტის რეკლამასაც.
ბახმარო უნდა დარჩეს ადგილად, სადაც სრიალი ველურ ბუნებაში იქნება შესაძლებელი, ის არ უნდა იქცეს 10 ათას ნომრიანი სასტუმროების კურორტად, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას არ სჭირდება მსხვილი ინვესტიცია. ამაზე ყველას შემიძლია ყველას ვეკამათო. მივესალმები მათ შორის „ორბის,“ ზაზა ზოიძის ინვესტიციას. პროექტთან დაკავშირებით იყო აზრთა სხვადასხვაობა, პირადად მეც არ მომეწონა ის პროექტი რაც წარადგინეს, თუმცა როგორც ვიცი შეიცვალა და სხვა მიმართულებით განხორციელდება. ვფიქრობ, რომ ეს ინვესტიცია იქნება კარგი კურორტისთვის, რადგან ჩვენი მცდელობის მიუხედავად, ჩვენ სწრაფი ტემპებით ვერ ვავითარებთ მას.
ამ ეტაპზე კონტროლის ქვეშ არის ყველაფერი რაც შენდება კურორტზე და არასწორად ვითარდება, გენგეგმის ლამაზად მოდიფიკაცია უნდა შევძლოთ და ამაზე მიდის საუბარი.
ჩვენს სასტუმროს რაც შეეხება, „პანორამა ბახმარო“ ყოველ წელს ვითარდება. ამ ეტაპზე ჩეხური ინვესტიცია განხორციელდება. პირველ ეტაპზე საუბარია 300 ათასი ევროს ინვესტიციაზე. ესენი არიან ჩემი პარტნიორები პრაღიდან რომლებიც სტუმრად ყვნენ და თავად შემომთავაზეს დახმარება. უკვე დავიწყეთ ახალი სასტუმროს მშენებლობა, საუბარია 25 ნომერზე და ამით შევძლებთ როგორც სტუმრების რაოდენობის, ისე დასაქმებულების მაჩვენებლების გაზრდას.“ – განაცხადა კეჭაყმაძემ.
