“ბახმაროს პროექტი არცერთ ჩამოთვლილ კომპონენტს არ ითვალისწინებს” – ირაკლი ჟვანია

არქიტექტორი, ურბანისტი ირაკლი ჟვანია:

ბახმაროზე საუბრისას მნიშვნელოვანია ისიც ითქვას როგორი მიდგომაა არასწორი და რა გადაწყვეტა იქნებოდა მისაღები თუ მართებული. უპირველეს ყოვლისა, ხაზი უნდა გაესვას შენობის მასშტაბურობას. ზუსტად იგივე სამშენებლო მოცულობა თავისუფლად შეიძლება გეგმარებით-არქიტექტურულად გადაწყდეს იმგვარად რომ ჩაეწეროს გარემოში და მიესადაგოს ლანდშაფტს. ამისათვის საჭიროა ერთ დიდ შენობაზე უარის თქმა და იგივე ოდენობის კვადრატული მეტრების გადანაწილება რამდენიმე უფრო მცირე მოცულობის შენობებში. ანუ როდესაც იქმნება სასტუმრო ან აპარტამენტების კომპლექსი. პირველ რიგში უნდა მოხდეს საპროექტო მოცულობების დანაწევრება. შემდეგ, არქიტექტურა უნდა ატარებდეს მთის ხასიათს და ითვალისწინებდეს ალპურ ესთეტიკას. ეს გამოიხატება ხის მასალის გამოყენებაში, თუნდაც ფასადების მოპირკეთების დონეზე, და ორქანობიანი სახურავებით “თამი”. ფოტოებზე მოყვანილ მაგალითებში ჩანს საკმაოდ დიდი და ერთიანად განვითარებული სასტუმრო და აპარტ-ოტელების კომპლექსები. არსად არ დგას ერთი დიდი შენობა, გამოყენებულია რამდენიმე ერთნაირი, შალეს (Chalet, ალპებისათვის დამახასიათებელი ისტორიული საცხოვრებელი სახლი) ტიპის შენობები. იმისათვის რომ ოპერირება იყო ადვილი და სხვადასხვა ფუნქციები ყველასთვის ხელმისაწვდომი, რამდენიმე ან ყველა შალე ერთმანეთთან პირველი სართულის დონეზე დაკავშირებულია საერთო სივრცით, რომელიც ფერდზე უკანა მხრიდან მთლიანად მიწაშია, ხოლო ფასადის მხარეს ქვით არის მოპირკეთებული ბრტყელი გადახურვით და ფაქტიურად რელიეფში შესმულ ტერასად იკითხება. აქ განთავსებულია აუზები, ლობი, რესტორნები, სკი-დეპო და ა.შ. ამ დონიდან ცალკეულ შალეებში ხვდებიან კიბის უჯრედით და ლიფტებით. მეორე შემთხვევაში, რამდენიმე შალე ერთმანეთთან კუთხეებით არის გადაბმული, სადაც ერთიდან მეორეში გადასასვლელი კორიდორია მოქცეულია და საერთო ხედში სრულიად ცალ-ცალკე მდგომად აღიქმებიან. ამ კომპლექსებს აქვთ მიწისქვეშა ავტოსადგომებიც, რომლის მხოლოდ შესასვლელი ჩანს. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით – ფასადების მასალები, ორქანობიანი სახურავის დახრები და მოცულობების გადანაწილება, სრულიად შესაძლებელია ზუსტად იგივე რაოდენობის სამშენებლო მოცულობის მიღება, რაც ჩვენთვის უკვე ნაცნობ და მიუღებელ პროექტშია ჩადებული. მაგალითად, თუ ორბის კომპლექსი დაახლოებით 20 ათას კვადრატულ მეტრზეა გათვლილი, სრულიად შესაძლებელი იყო 500-600 კვ.მ. მოშენების ფართის ერთი შალეს გათვლა ოთხ სართულზე, მეხუთე სართულის მანსარდულად სახურავის ქვეშ მოქცევით და ამგვარად 2200-2700 კვ.მ. მიღება, ასეთი სულ საჭირო იქნებოდა დაახლოებით 8 ცალი. საფრანგეთის და შვეიცარიის მაგალითების ფოტოებზე ჩანს ეს ყველაფერი როგორ გამოიყურება (ორი საპროექტო რენდერია, ორიც რეალურად განხორციელებული). ასეთი მიდგომით შეიქმნება მთის ლანდშაფტისათვის დამახასიათებელი არქიტექტურა, მიიღწევა იგივე რაოდენობის ოთახები და დასვენებისთვის საჭირო საზიარო სივრცეები (სპორტული დარბაზი, კაფე თუ მაღაზია) და შეიქმნება ყველასთვის მისაღები განაშენიანების ხასიათი. რამდენიმე მოცულობად დაყოფილ კომპლექსში აღარ იქნება უზარმაზარი კედლებით შემოზღუდული მონსტრი, გაიხსნება შენობებს შორის სივრცე საიდანაც მოხდება აერაცია და შემოვა მზის განათება, უფრო მეტ მხარეს გაიხსნება თითოეული შენობიდან ხედი, განაშენიანება გამოჩნდება ფერდზე შეფენილი და რელიეფს მორგებული, სახურავები გაიმეორებენ მთის კონტურებს და ჩამოყალიბდება ყველასთვის მიმზიდველი გარემო. ამას ყველაფერს ჭირდება ცოდნა და მონდომება, ასეთ გეგმარებით-არქიტექტურულ მოთხოვნებს ჭირდება ქალაქგეგმარებით დოკუმენტებში გათვალისწინება და ამის განხორციელებას ჭირდება მთაში პროექტირების გამოცდილება. მოცემული პროექტი არცერთ ჩამოთვლილ კომპონენტს არ ითვალისწინებს, ეს შენობა შეიძლება იდგეს ზღვის პირას ან ქალაქში. მასში არაფერი იმაზე არ მიუთითებს რომ იგი სამთო, ალპური გარემოსათვის შეიქმნა.