„ბახმაროს ეს კომპლექსი გურიის ლოკომოტივი გახდება“ – „ორბი ჯგუფი“

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ბახმარო მიიღებს ყველაზე მაგარ, ხარისხიან, მნიშვნელოვანი არქიტექტურული კომპანიის მიერ დაპროექტებულ პროექტს, რომელიც საბოლოო ჯამში, მიუხედავად ამ განსხვავებული აზრების ერთობლიობისა, ყველას დაგვამშვიდებს“, – ასე ეხმაურება კომპანია „ორბი ჯგუფი“ იმ პროტესტს, რომელიც ბახმაროს პროექტის წარდგენის შემდეგ, საზოგადოების ნაწილში გაჩნდა.
კომპანიაში ირწმუნებიან, რომ ბახმაროს „ბაკურიანიზაცია-გუდაურიზაციასთან“ დაკავშირებული შიშები უსაფუძვლოა და ამის გარანტორად კომპანიის გენერალურ დირექტორს ერთი მხრივ, არსებული გენგეგმის პირობებში სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა, მეორე მხრივ კი პროექტზე მომუშავე, საერთაშორისო კომპანია WilkinsonEyre მოჰყავს.
„ეს არის პროექტი, რომელსაც არანაირი კომერციული ხასიათი არ აქვს. ამ პროექტში განხორციელებული ინვესტიცია გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე ის შემოსავალი, რომელიც არსებული სარეალიზაციო ქონებიდან შეიძლება კომპანიამ მიიღოს. ალბათ გაჩნდება კითხვა რატომ, როცა ბიზნესი მოგებაზე ორიენტირებულია. არ მინდა ნიზმში და კუთხურობაში გადამივიდეს მაგრამ, განსაკუთრებული სიყვარული ბახმაროსადმი, ჩვენი კომპანიის დამფუძნებლის ბატონი ზაზა ზოიძის გატარებული ბავშვობა ბახმაროში, ისევე როგორც ჩემი და ძალიან ბევრი თაობების, გვიბიძგებს და გვაძლევს იმის მოტივაციას, რომ ბახმაროს ახალი სიცოცხლე შევძინოთ ისე, რომ მისი იდენტობა არ დავარღვიოთ. სწორედ ამიტომ, არ დაგვიკარგავს და არ დაგვიზოგავს არც დრო და არც ფინანსები, რომ შეგვერჩია და ბახმაროს პირველი პროექტისთვის მოგვეწვია ისეთი დონის არქიტექტურული კომპანია, როგორიც WilkinsonEyre-ია. ეს კომპანია თანამედროვე არქიტექტურის ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება.
ჩემთვის ეს ნამდვილად არის სინდისის პროექტი იმ თვალსაზრისით, რომ იყოს საუკეთესო პროექტი, საუკეთესო სერვისი, იყოს საუკეთესო მასალებით გაკეთებული და მე ვპირდები ყველას, რომ ყველა შიში, რომელიც არსებული გენგეგმის პირობებში არსებობს, არის უსაფუძვლო, ისევე როგორც უსაფუძვლოა იმის თქმა, რომ თითქოს ჩვენ ხეები გავჩეხეთ. უსაფუძვლოა, რომ თითქოს ჩვენი კომპანია ფინანსურად ვერ გაძღა და ამიტომ უნდა… არამც და არამც! ყველას ვისაც ოდნავ მაინც ესმის მათემატიკა სამშენებლო ბიზნესში, ყველამ კარგად იცის ეს“, – ამბობს “ორბის” დირექტორი ირაკლი კვერღელიძე და იქვე პროექტის სართულიანობაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც მისივე თქმით, ოთხსართულიანია, ხოლო სიმაღლე მიწის ზემოდან 12 მეტრს არ აღემატება.
„ასეთი რელიეფის მქონე ტერიტორიაზე, რომლის სხვაობა ძირიდან 21 მეტრია, განაპირობებს აღქმას, თითქოს პროექტი 7-8 სართულია. სინამდვილეში მიწის ზემოთ მხოლოდ ოთხი სართულია. მეტის უფლება არ გაქვს, ოთხი სართულია მიწის ზემოთ და ზოგან ერთი და ორია მიწის ქვემოთ. სიმაღლე მიწის ნიშნულიდან ოთხ სართულს არ აღემატება.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, კომპანიაა გენგეგმით გათვალისწინებულზე არცერთი სანტიმეტრით არ გადაუჭარბებია და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ბახმარო მიიღებს ყველაზე მაგარ, ხარისხიან, მნიშვნელოვანი არქიტექტურული კომპანიის მიერ დაპროექტებულ პროექტს, რომელიც საბოლოო ჯამში, მიუხედავად ამ განსხვავებული აზრების ერთობლიობისა, ყველას დაგვამშვიდებს და დაგვიმტკიცებს, რომ ბახმარო ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იქნება“, – განაცხადა ირაკლი კვერღელიძემ.
მნიშვნელოვანია, რომ განაშენიანების გეგმა რაც კომპანიას ამჟამად ეკონომიკის სამინისტროსთან აქვს შეთანხმებული, 14 500 კვ.მ-ს მოიცავს. ურბანისტების და არქიტექტორების ნაწილი შიშობს, რომ კომპანიამ სამომავლოდ, შესაძლოა დარჩენილი ტერიტორია საზოგადოებრივი და გასართობი სივრცეების ნაცვლად, ისევ სასტუმროს მშენებლობისთვის გამოიყენოს. ამ კითხვაზე bmg-ის „ორბიში“ პასუხობენ, რომ ყველა კოეფიციენტი უკვე ათვისებულია, რაც სამომავლოდ ტერიტორიაზე რაიმე ტიპის მშენებლობას გამორიცხავს.
„უკვე ყველა კოეფიციენტი, რომელიც ამ ტერიტორიებზე იყო მიკუთვნებული, როგორც ინტენსივობის, ასევე K1 კოეფიციენტის კუთხით, გამოყენებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მიწის ნაკვეთზე რაიმე ტიპის მშენებლობა დამატებით შეუძლებელია. მეორე მხარეა ის, რომ ჩვენ სახელმწიფოსთან ასევე ვფიქრობთ, რომ ყველა ის შესაძლო ხვრელი, რომელიც ბახმაროს შემდგომი განვითარების რისკის მატარებელი შეიძლება იყოს, ამოვავსოთ. ამიტომ ჩვენ უახლოეს მომავალში სივრცითი დაგეგმარების სააგენტოსთან ერთად ვხსნით ფართო მსჯელობას სწორედ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ბახმაროში ქაოსური განაშენიანება არ მოხდეს.
თუმცა ყველა ვთანხმდებით, რომ მიზიდულობის ცენტრი ბახმაროს სჭირდება ორივე პირობებში, თუ ის კოტეჯურად ან სხვა ტიპის განაშენიანებით განვითარდება.
ჩვენ ამ ტერიტორიის განვითარების იქით ფიზიკურად ვერ წავალთ. აღარ არის მიწის ნაკვეთი, სადაც ეს შესაძლებელია. ყველა 50-100კვ.მ-ის ფართობისაა და ყველა კერძო საკუთრებაში, ამიტომ ფიზიკურადაც და იქ რაიმე სხვა ტიპის მშენებლობაზე საუბარი თეორიულადაც გამორიცხულია, შესაბამისად შიშები აბსოლუტურად უსაფუძვლოა“, – განაცხადა კვერღელიძემ.
რაც შეეხება პროექტის ეკონომიკურ სარგებლიანობას, კომპანიაში ამბობენ, რომ 2017 წლის შემდეგ, ბახმაროში მიწის ღირებულება 10-ჯერ გაიზარდა.
„როდესაც ჩვენ ბახმაროში პირველი მიწის ნაკვეთი მივიღეთ კვ/მ-ის ფასი 30-40$-ის ფარგლებში მერყეობდა, დღეს 200-300$-მდე მერყეობს. ეს არის 10-ჯერ გაზრდილი ღირებულება. ასევე დეფიციტია, ვერ ნახავ ტერიტორიას, რომელსაც შეიძენ, ამიტომ ეკონომიკური სარგებელი ამ ციფრებშიც დიდია.
მესმის იმ ადამიანების, ვისაც თავისი შეხედულება აქვს, მაგრამ კურორტი 100 წელზე მეტს ითვლის და ამ დროის განმავლობაში ვერც კოტეჯური ტიპის განაშენიანება, ვერც ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება, ვერც მნიშვნელოვანიო ტურისტული ნაკადების მიღება ვერ მოხერხდა. ამის მიზეზია ის, რომ ვერ გადაიდგა პირველი სალოკომოტივო პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ნაბიჯი“, – განაცხადა BMG-თან ინტერვიუსას ირაკლი კვერღელიძემ.