“ბახვი 2” ჰესის მშენებლობა, სავარაუდოდ, აპრილში დასრულდება (bm.ge)

Energy Solutions-ის მმართველი პარტნიორი, გიორგი აბრამიშვილი ამბობს, რომ გურიაში “ბახვი 2” ჰესის მშენებლობა, სავარაუდოდ, აპრილში უკვე დასრულებული იქნება. მან ამის შესახებ BMGDRIVE-თან ინტერვიუში განაცხადა.
რაც შეეხება “ბახვი 1” ჰესს, რომლის დასრულების ვადად წლის ბოლოა განსაზღვრული, აბრამიშვილის თქმით, პროცესი გრაფიკის მიხედვით მიდის.
მან ის გამოწვევაც დაასახელა, რის გამოც “ბახვი 2” აგვისტომდე გენერაციის დაწყებას ვერ შეძლებს.
“თოვლმა ცოტა შეგვაჩერა, ბახვი 2 მარტის ბოლოს თუ არა, ალბათ, აპრილში უკვე იქნება დასრულებული. თუმცა ელექტროგადამცემი ხაზი არის პრობლემა, ოპერირებაში შესვლა ჯერ ვერ მოხერხდება. სახელმწიფო ელექტროსისტემა გვპირდება, რომ აგვისტოში იქნება გადამცემი ხაზი დასრულებული და შესაბამისად, შევძლებთ დაერთებას და გენერაციის დაწყებას.
“ბახვი 1″ ჰესის შემთხვევაში, ვადა 2025 წლის ბოლოა და მანდაც ჯერჯერობით გრაფიკით მივდივართ, თუ შემდეგმა ზამთარმაც ძალიან არ შეგვიშალა ხელი, წესით უნდა მოვასწროთ დეკემბერში დასრულება”,- ამბობს გიორგი აბრამიშვილი.
ის ხაზს უსვამს, რომ პროექტის დასაწყისშივე, ყველა მხარესთან აქტიური კომუნიკაცია იყო. აბრამიშვილმა განმარტა მიდგომა, რომლის შედეგადაც ადგილობრივ მოსახლეობას თუ სხვა დაინტერესებულ მხარეებს პროექტის მიმართ დადებითი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდათ.
“უამრავი შეხვედრა მოვაწყვეთ. ძალიან გამჭვირვალედ დავიწყეთ თავიდანვე და მთელი ეს პერიოდი გამჭვირვალედ ვმუშაობთ. ანუ ადგილობრივ მოსახლეობას თუ ჩართულ მხარეებს არ რჩებათ იმის შეგრძნება, რომ შეიძლება რამე არასწორად კეთდებოდეს. ყოველთვიურად ვარიგებთ ბიულეტენს ადგილობრივ მოსახლეობაში და ვაწვდით ინფორმაციას ჩვენი წინსვლის და აქტივობების შესახებ. ასევე, შევქმენით ე.წ. საკონსულტაციო საბჭო. მუნიციპალიტეტებში გამოვყავით მედია, არასამთავრობოები, ადგილობრივი მეწარმეები და მათგან თითო წევრი შევიყვანეთ საბჭოში, რომელსაც 2021 წლიდან, მთელი ეს პერიოდში ვაბარებთ ანგარიშს, მათგან ვიღებთ რჩევებს და მათი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. საბოლოო ჯამში იქამდე მივედით და ადგილობრივებიც ასე თვლიან, რომ ეს ჩვენი ყველას პროექტი გახდა, ჩვენ ერთად ვაშენებთ”,- ამბობს გიორგი აბრამიშვილი.
ცნობისთვის, ჯამში, “ბახვი 1” და “ბახვი 2” ჰესების დადგმული სიმძლავრე 46 მეგავატია. 100 მილიონ დოლარამდე ღირებულების საინვესტიციო პროექტს კომპანია “კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგი” (CCEH) ახორციელებს, რომელმაც დაფინანსება ევროპული და ამერიკული საფინანსო ინსტიტუტებიდან მოიზიდა.
წყარო: bm.ge