,,სულიერი თვითდამკვიდრების მანიფესტი და ემოციური ღირსების აღდგენის დოკუმენტი” – ასე აფასებს სახელისუფლებო ტელევიზიის, POSTV-ის წამყვანი ბაჩო ოდიშარია ბიძინა ივანიშვილის სიტყვას, რომელიც მან ,,ქართული ოცნების” ოფისში, TV იმედის ეგზიტპოლის გამოცხადების შემდეგ წარმოთქვა.
,,ბიძინა ივანიშვილის გუშინ წარმოთქმული სიტყვა, გახლდათ არა მხოლოდ პოლიტიკური გამარჯვების შეფასება, არამედ სულიერი თვითდამკვიდრების მანიფესტი, ემოციური ღირსების აღდგენის დოკუმენტი.
დიფ სთეითის მართული შიდა აგენტურის მარცხი, პირველ რიგში იმითაა მნიშვნელოვანი, რომ ქვეყანაში კოლექტიურად მოხდეს ფსიქოლოგიური განწმენდა; ხალხისგან გამოტანილ ამ ვერდიქტს აუცილებლია მოჰყვეს სამართლებრივი გადაწყვეტა და მათი პოლიტიკური სივრციდან აკრძალვა, რისი საფუძველიც ოფიციალურად მზად არის საგამოძიებო კომისიის დასკვნის სახით. ამით მოვახერხებთ, რომ საქართველო კვლავ აღდგეს, არა როგორც პოლიტიკური ერთეული, არამედ როგორც ცოცხალი ცივილიზაციური სუბიექტი, რომელიც საკუთარ ისტორიას უბრუნდება და იაზრებს.
აგენტურა, რომელთანაც გვიწევს ამდენი წლის მანძილზე დაპირისპირება, მხოლოდ პოლიტიკური ინსტრუმენტი არ გახლავთ, ესაა თანამედროვე სამყაროს დაპყრობის სიმბოლო, რადგან იმპერიები დღეს პირდაპირ ოკუპაციაზე ხშირად, ცნობიერების ოკუპაციის გზით აღწევენ სასურველ შედეგს.
სუვერენიტეტი პირველ რიგში იწყება გონებიდან, რადგან დაკარგული, არეული ცნობიერება იგივეა, რაც დაკარგული სახელმწიფო – მას აკლია შორსმჭვრეტელობა, რაციონალიზმი, სიმყარე, მოვლენების კონტექსტის აღქმის და სწორად შეფასების უნარი.
,,ერთადერთი სახელმწიფოა საქართველო, რომელმაც მოახერხა და აგენტურა გაისტუმრა“ – ეს უნიკალური ტრიუმფი არაა პარტიული კუთვნილების, ესაა განმათავისუფლებელი აქტი, წერტილი, სადაც ქართველი ადამიანი ამტკიცებს, რომ მისი თავისუფლება შიგნიდან მოდის, საკუთარი ცნობიერებიდან, მისი კულტურიდან, ენიდან, ტრადიციიდან და შესაბამისად, მას ვერანაირი გლობალური ძალა ვერ ჩაახშობს, რამდენად ლამაზი პროპაგანდითაც არ უნდა შენიღბოს თავის კოლონიალისტური მიზნები.
ერის მთავარი თავდაცვის იარაღი არის მისი სიბრძნე, რაც ქართველ ხალხს უკვე საკმარისად დაუგროვდა. როდესაც საზოგადოებას სჯერა საკუთარ ისტორიის და იცნობს მას, ის ვეღარ დაიჩოქებს.
,,გარწმუნებთ, ვისაც სამშობლოს სიყვარული შერჩა მსოფლიოში, საქართველოსი ყველაზე დიდი შური აქვთ, ყველაზე მაგრად ვდგავართ და ვიჭერთ სიტუაციას” – ეს ჭეშმარიტება მარტივად დანახვადია, მხოლოდ იმითაც, თუ როგორ უსამართლო და დანაშაულებრივ მიდგომებს ვაწყდებით ევრობიუროკრატიისგან.
ეს არის შური, რომ კონტინენტურ ევროპაში, ევროპული ღირებულებების კვდომის ჟამს, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ცივილიზაციური, ღირებულებითი ევროპა იმარჯვებს. გაუმარჯოს სუვერენულ, მშვიდობიან, დამოუკიდებელ საქართველოს, გუშინდელ გამარჯვებას და აგენტურის მარცხს!” – წერს ბაჩო ოდიშარია სოციალურ ქსელში.