„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრის, ბაჩო დოლიძის განცხადებით, ახალი პოლიტიკური პარტიის პრეზენტაცია თებერვალში იგეგმება.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები და გუნდი მუშაობს იმაზე, რომ ახალი შეთავაზებით მოვიდნენ.
„წარმადგინეთ, როგორც მომავალი ახალი პოლიტიკური პლატფორმის წევრი, რომელიც მალე იქნება. როდესაც დარწმუნებულები ვიქნებით, რომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული შემოთავაზება და ხედვა ჩვენი ამომრჩევლისთვის, მაშინ წარვუდგებით საზოგადოებას.
ბევრი ტექნიკური საკითხია გასავლელი, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ თებერვალში ეს ტექნიკური ხასიათის საკითხები მოგვარდება და ოფიციალურად შევძლებთ წარვდგეთ და ახალი პოლიტიკური პარტიის პრეზენტაცია გავაკეთოთ.
ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს კონსულტაციები ძალიან საინტერესო ადამიანებთან: არიან ძველი და ახალი პოლიტიკოსები, ასევე ახალი სახეებიც არიან. რეპუტაციულად საინტერესო ადამიანები არიან. ეს ძალიან საინტერესო პროცესია, რადგან არარეგისტრირებულ პარტიასთან ბევრს სურს პარტნიორობა. ეს არის ძალიან სასიამოვნო და მეტ სტიმულს გვაძლევს“, – განაცხადა დოლიძემ.
ამასთან, კითხვაზე, გამორიცხავენ თუ არა „ლელოსთან“ პოლიტიკურ პარტნიორობას, დოლიძემ განაცხადა, რომ პარტნიორობას ყველასთან აპირებენ, „თუმცა შერწყმას, ერთი სიით, ერთი ნომრით – არ ვაპირებთ“.
მისი თქმით, პარტიას 2024 წლის არჩევნებში დამოუკიდებელი ნომერი და სახელი ექნება.
„არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან შერწყმას ჩვენ არ ვგეგმავთ. ყველა პარტია უნდა ჩამოვთვალო და იმის გამო, რომ არ გამომრჩეს არ მინდა ვინმე საწყენად მიიღოს, რადგან ყველასთან კოლეგიალური ურთიერთობა გვაქვს. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც გვესმის ის დამოკიდებულება, რომ ჩვენში ხედავენ იმედს და ძალას. მნიშვნელოვან საკითხებში პარტნიორობას ყველასთან ვაპირებთ, თუმცა შერწყმას, ერთი სიით, ერთი ნომრით – არ ვაპირებთ. დამოუკიდებელი ნომერი გვექნება, სახელი და ახალი დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტია“,- განაცხადა დოლიძემ.
კითხვაზე, იქნებიან ახალი პარტიის რიგებში “ევროოპტიმისტების” დეპუტატები ხატია დეკანოიძე და რომან გოცირიძე, დოლიძის თქმით, „ხატიასთან ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს, თუმცა ამის შესახებ საუბარი შემეძლება მაშინ, როდესაც მოლაპარაკებებს წერტილი ექნება დასმული“.