მგონია,რომ ძალიან მარტივ, პრიმიტიულ პროპაგანდასთან გვაქვს საქმე. 13 წლის განმავლობაში დახარჯეს უამრავი რესურსი, რომ ჰყოლოდათ რამდენიმე „ბუა“, მათ შორის ერთი მე ვარ, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ კრიმინალურ პოლიციაში მისვლისას ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ახალიამ განაცხადა, „რეჟიმს არ უნდა დაინახოს მარტივი ჭეშმარიტება, რომ საქართველოში არსებობენ პატრიოტი ადამიანები, რომელთაც არ სჭირდებათ ვინმეს კარნახი იმისთვის, რომ სამოქალაქო მშვიდობიანი აჯანყება მოაწყონ“.
„ბატონი პაატას მოსაზრების ფორმირებას, ლევან ხაბეიშვილის მოსაზრების ფორმირებას სჭირდებოდა ვინმეს ორგანიზება თუ მიტინგზე მოსვლას შეატყო ვინმემ იქ ორგანიზება ან შემდეგ ნებისმიერ ნაბიჯს? ჩემი აზრით, რეჟიმს უბრალოდ არ უნდა დაინახოს მარტივი ჭეშმარიტება, რომ საქართველოში არსებობენ პატრიოტი ადამიანები, ისეთები, როგორიც არიან ბატონი პაატა, მურთაზი, ლევანი და სხვები. მათ არ სჭირდებათ ვინმეს კარნახი იმისთვის, რომ სამოქალაქო მშვიდობიანი აჯანყება მოაწყონ. როგორც თქვენ ნახეთ, ისე ვხედავდი მეც. მგონია, რომ ძალიან მარტივ, პრიმიტიულ პროპაგანდასთან გვაქვს საქმე. 13 წლის განმავლობაში დახარჯეს უამრავი რესურსი, რომ ჰყოლოდათ რამდენიმე „ბუა“, მათ შორის ერთი მე ვარ. ბატონ პაატას ვიცნობ ძალიან კარგად, უდიდესი პატივისცემა მაქვს მის მიმართ, ჩვენი ოჯახის ახლობელია. მურთაზი ჩემი მეზობელია. შესაბამისად, მგონია, რომ ეს პრიმიტიული სცენარი გამოიყენეს. ცდილობენ ხაზი გაუსვან იმას, მთელმა საქართველომ რაც დაინახა, გაგიჟებული პატრიოტების თავგანწირვა კი არ იყო, სინამდვილეში ქართველები კი არ ვარსებობთ, სინამდვილეში ჩვენ არ გვყავს 15 ან 100 კაცი, რომელსაც შეუძლია თავგანწირვა. სინამდვილეში ვიღაცებს უნდათ აიძულებდნენ, რომ იყვნენ პატრიოტები.ეს არის კიდევ ერთი დამცირების მცდელობა ამ საოცარი ადამიანების და მათთან ერთად მთელი საქართველოს“, – განაცხადა ახალაიამ.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის განმარტებით, 4 ოქტომბრის აქცია იყო მშვიდობიანი და დაკავებულებს აირწინაღიც კი არ ეკეთათ.
„მშვიდობიანი აჯანყება იცით რას ნიშნავს? ბატონ პაატას და ბატონ მურთაზს ხელშიც არაფერი ეჭირათ, ნიღაბიც კი არ ეკეთათ, აირწინაღიც კი არ ეკეთათ, ეს არის მშვიდობიანი“, – განაცხადა ახალაიამ.
