ბაჩიაშვილს 11-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს

დღეს, 2025 წლის 10 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ს ყოფილ „პირად ფინანსისტს“, გიორგი ბაჩიაშვილს დაუსწრებლად მიუსაჯა 11 წლით პატიმრობა „კრიპტოვალუტების საქმეზე“.
გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა.
ბრალდება 9-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. ბაჩიაშვილს ამ მუხლით გათვალისწინებული მაქსიმალური ვადით პატიმრობა მიუსაჯეს.
ივანიშვილის ყოფილი მოკავშირე ბრალდებულაც ცნეს როგორც „დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში“, ასევე „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში“, ანუ ფულის გათეთრებაში.
გიორგი ბაჩიაშვილი საზღვარგარეთაა – ის 2 მარტს გაიქცა ქვეყნიდან. პროკურატურიის ვერსიით, იგი ამისათვის რამდენიმე თვის განმავლობაში ემზადებოდა.
პროკურორმა მიხეილ სადრაძემ ჯერ კიდევ 6 მარტს განაცხადა, რომ ინტერპოლს მიმართეს ბაჩიაშვილის მიმართ წითელი ცირკულარით ძებნასთან დაკავშირებით.
ბაჩიაშვილის ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა კი განაცხადა, რომ „ინტერპოლის ძებნა არ გულისხმობს გადმოცემას“: „ინტერპოლს ევალება, თუ საზღვართან მიდის ძებნილი, შეაყოვნოს, ცალკე პროცედურაა დააკავებს თუ არა“.
მისი თქმით, „ინტერპოლსაც და ყველა სათანადო სტრუქტურას“ მიაწოდეს და მომავალშიც მიაწვდიან ინფორმაციას, „რომ ბაჩიაშვილი არ უნდა იყოს დაკავებული“.
მოსამართლე გიორგი გელაშვილის გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს, – სასამართლო თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილი ბაჩიაშვილთან დავაში იყო „ინვესტორი“ და არა უბრალოდ დამხმარე პირი სესხის აღებაში.
ბაჩიაშვილი აცხადებდა, რომ ივანიშვილი „ინვესტორი“ არ ყოფილა, მხოლოდ სესხის აღებაში დაეხმარა მას, გარკვეული თანხა გადაუხადა, ხოლო დამატებით ივანიშვილს თანხა არ ეკუთვნოდა. იგი საქმეში პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობდა.
სხვა ბრალდებები
ბაჩიაშვილს კიდევ ორი ბრალდება აქვს:
· „საზღვის უკანონო კვეთის“ გამო – მან 2 მარტს საქართველო-სომხეთის საზღვარი უნებართვოდ, მალულად გადაკვეთა, რის შემდეგაც გირაო პატიმრობით შეუცვალეს. თუმცა იგი დღემდე საზღვარგარეთაა;
· „მტკვარი ჰესის“ საქმეზე – ეს ეპიზოდი „კრიპტოვალუტების საქმეში“ თავიდანვე ფიგურირებდა, თუმცა ბიზნესმენს ბრალი 2025 წლის 25 თებერვალს წაუყენეს. ამ ბრალდების თანახმად, გიორგი ბაჩიაშვილს ედავებიან ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდში გენერალური დირექტორის თანამდებობაზე „სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას“.