ბაჩიაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე უნდა წამიყენონ ბრალი მტკვარი ჰესის საკითხზე

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ხვალ მტკვარი ჰესის საქმეზე ბრალი უნდა წაუყენონ. ეს განცხადება მან ფორმულას ეთერში, გადაცემა პოლიტიკის ფორმულაში გააკეთა და თქვა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია გამომძიებელმა ცოტა ხნის წინ მიაწოდა.
მისი თქმით, მტკვარი ჰესის საქმეში არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, გარდა ს სიტყვებისა, რომელიც პროექტის ბიუჯეტის გაზრდაში მას ადანაშაულებს და ამბობს, რომ “თანხები გიორგი ბაჩიაშვილმა მიითვისა”.
გიორგი ბაჩიაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა მის წინააღმდეგ ახალი საქმე იმიტომ აღძრა, რომ მიმდინარე “ფულის მითვისების” საქმე “ამ სასამართლოს და პროკურატურიშ პირობებშიც კი უპერსპექტივოა”.
“ფული და ძალაუფლება ეს არის ორი რამ, რაზეც ბიძინა ივანიშვილი არის შეშლილი. აქამდე არ განმიცხადებია და მინდა, მაყურებელმაც იცოდეს, რომ სულ რაღაც ნახევარი საათის წინ დამიკავშირდა ჩემი საქმის გამომძიებელი და ხვალ, 11:00 საათზე, უნდა წამიყენონ ბრალი მტკვარი ჰესის საკითხზე. ეს საქმე, რომელიც ახლა მიმდინარეობს, იმდენად უპერსპექტივოა და იქ არაფერი საერთოდ, ბიძინა ივანიშვილის ამ პროკურატურის და სასამართლოს პირობებშიც კი ვერ გამოჩნდა, რომ მათ დასჭირდათ მეორე საქმის დაძვრა, მაგრამ მე როგორც ვთქვი, 2 კი არა, 10 საქმე რომ დაძრან ზემოდან, ჩემი პოზიცია არ შეიცვლება.
მტკვრის საქმე კიდევ უფრო ბედკრულია – რა თქმა უნდა, იქაც არანაირი საბუთი არსებობს, უბრალოდ, სიტყვიერად ამბობს ივანიშვილი, რომ პროექტის ბიუჯეტი გაიზარდა და ალბათ, ბაჩიაშვილმა მიითვისა თანხაო. აქ უკვე ინვესტორი ივანიშვილია, მაგრამ ბაჩიაშვილს ედავება თანხის მითვისებას. რა თქმა უნდა, აქაც არანაირი ფაქტი არც არის და ვერც იქნება”, – ამბობს გიორგი ბაჩიაშვილი.
***
6 ივლისს ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
პროკურატურა თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი ბაჩიაშვილის ბიძინა ივანიშვილის ფულის მითვისებას ედავება.
ბაჩიაშვილი 2013-2019 წლებში თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი იყო, ამჟამად კი მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას იკავებს.
პროკურატურა მას 39 მილიონი დოლარის მითვისებას ედავება.
პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა 2015 წლის ზაფხულში, მის მიერ პირადად მობილიზებული და ინვესტორის მიერ გადაცემული თანხებით კრიპტოვალუტა – ბიტკოინის გამომუშავება/მაინინგში ინვესტიცია განახორციელა.
სასამართლომ ბაჩიაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით 2.5 მილიონი ლარი შეუფარდა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბაჩიაშვილს ქვეყნის დატოვებაც აეკრძალა.