ბაჩიაშვილი: [წასასვლელად] სისტემაში არსებული ხვრელები, მათ შორის ადამიანებიც გამოვიყენე

საქართველოს დატოვების შემდეგ, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი ამბობს, რომ საქართველოდან წასასვლელად “სისტემაში არსებული ხვრელები, მათ შორის, ადამიანები” გამოიყენა.
ეს განცხადება მან TV პირველის ეთერში გააკეთა.
“სისტემა არის რეალურად მორყეული, არ მუშაობს დაცულად, არის ძალიან ბევრი ხვრელი და ადამიანები, რომლებიც მასში არიან, არ არიან მოტივირებული, რომ ბოლომდე კარგად გააკეთონ თავისი საქმე. სისტემაში არსებული ხვრელები და მათ შორის, ადამიანებიც, გამოვიყენე [ქვეყნიდან წასასვლელად]”, – თქვა გიორგი ბაჩიაშვილმა.
დღეს მან Facebook-ზე დაწერა, რომ საქართველო დატოვა და მიზეზად დაასახელა მიღებული ინფორმაცია მის უსაფრთხოებაზე რეალური საფრთხის შესახებ.
“გარდა ამისა, მე მივიღე სანდო ინფორმაცია ჩემს უსაფრთხოებაზე რეალური საფრთხეების შესახებ – საფრთხის, რომელსაც დღევანდელ საქართველოში შეიძლება სასიკვდილო მნიშვნელობა ჰქონდეს. ციხეში, აბსოლუტურად დაუცველი დავრჩებოდი ივანიშვილის ჯალათების პირისპირ… იმ ციხეში, სადაც ივანიშვილმა გაჭყლეტა შემომითვალა. ვუცხადებ სოლიდარობას იმ ათასობით ქართველს, ვინც უკანონოდ არიან რეპრესირებული და დატყვევებული ამ რეჟიმის მიერ, და მათ, ვინც დღეს იბრძვის ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის”, – დაწერა გიორგი ბაჩიაშვილმა.
პოსტი სრულად