„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი პერსონალური ფინანსისტი გიორგი ბაჩიაშვილი, – რომლის წინააღმდეგაც ივანიშვილის განცხადების საფუძველზე საქმეა აღძრული კრიპტოვალუტების საქმეზე, – აცხადებს, რომ ივანიშვილი მას სთავაზობდა „გლობალური ომის პარტიაზე“ წერილების გამოქვეყნებას.
მისივე თქმით, ივანიშვილი სთავაზობდა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გადაფორმებას მანამ, სანამ ადგილობრივი სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებდა; ის ასევე ამბობს, რომ მოსამართლეები და პროკურორები ივანიშვილთან ხშირად დადიოდნენ.
ბაჩიაშვილი ასევე აცხადებს, რომ ივანიშვილი საქმის აღძვრის შემდეგ მას „შუამავლის“ გამოყენებით 5000 ბიტკოინის გადახდას სთავაზობდა საქმისწარმოების შეწყვეტის სანაცვლოდ.
რადიო თავისუფლება ამ საკითხზე დაუკავშირდა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატს საპასუხო კომენტარების მიღების თხოვნით. ადვოკატის თქმით, ის მოგვიანებით გააკეთებს განმარტებას ამ საკითხზე. ინფორმაცია განახლდება.
„გლობალური ომის პარტიაზე“
„ჩემ თვალწინ ითხზვებოდა „გლობალური ომის პარტიის“ ნარატივი“, – განაცხადა მედიასთან საუბარში გიორგი ბაჩიაშვილმა 23 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქმის არსებითი განხილვის დაწყებისას.
ბაჩიაშვილმა იქვე ახსენა ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც „გლობალური ომის პარტიაზე“ შეთქმულების თეორიის განვითარება დაიწყო.
„სანამ შათირიშვილი გამოაქვეყნებდა მაგას [„გლოპ-ზე“ წერილებს], ჩემთან იყო შემოთავაზებული, რომ მე გამომექვეყნებინა ზუსტად იგივე შინაარსის წერილები, რაზეც, ცხადია, უარი ვუთხარი, რადგან მის საქმეებში არანაირი „გლოპი„ და არანაირი გარე ძალის კვალი არ ემჩნეოდა“, – განაცხადა ბაჩიაშვილმა მედიასთან.
„თუ რამე გარე ძალა იყო ჩართული, გამოდის, რომ ივანიშვილის მხარეს იყო ჩართული, რადგან ყველა სასამართლო მოვიგეთ“, – განაცხადა მან.
საუბარია ივანიშვილის საერთაშორისო სასამართლოებში დავებზე შვეიცარიულ ბანკ „კრედიტ სუისთან“.
ივანიშვილი და მისი გარემოცვა „კრედიტ სუისის“ საქმეს უკავშირებენ „გლობალური ომის პარტიის“ – ახლა უკვე „დიპ სტეიტის“ – თითქოსდა კონსპირაციულ ქმედებებს ბიძინა ივანიშვილის საქართველოს ხელისუფლებიდან ჩამოშორების მიზნით.
ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი, – რომელიც ბაჩიაშვილმა ახსენა, 2023-24 წლების წერილებში ამბობდა, რომ „ბაჩიაშვილი ამერიკელებმა ზუსტად ისევე გამოიყენეს, როგორც თავის დროზე პატრის ლესკადრონი“, – ივანიშვილის ბანკირი, რომელმაც მას ფული მოჰპარა და ვის გამოც დაიწყო დავა „კრედიტ სუისთან“.
ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილს უარი უთხრა „ანტიდასავლურ ნარატივში, პროპაგანდასა და საქციელებში“ მონაწილეობაზე, რის შემდეგაც მისი დამოკიდებულება შეიცვალა:
„ეს იყო ჩვენი პირველი უთანხმოება. მან ეს თითქოს „გაატარა“, მაგრამ უკვე მკაფიოდ მაჩვენებდა ყველა ჩვენს საუბრებში, რომ მე მისთვის აღარ ვიყავი სანდო, მისი სიტყვებითვე, ვიღაცასთან ვთანამშრომლობდი და ა.შ.. ეს ჩემთვის ცალსახა იყო. როცა დავრჩი ფასეულობების ერთგული და არ გავყევი იმ სიგიჟეებსა და უკანონობაში, – და ეს უკვე დაგეგმილი ჰქონდა კარგად, – გაიყო ჩვენი გზები“.
„რუსთავი 2-ის” შეძენას მთავაზობდა“
გიორგი ბაჩიაშვილმა განაცხადა ისიც, რომ ბიძინა ივანიშვილი მას წარსულში სთავაზობდა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გადაფორმებას. ეს მან თქვა, როდესაც საუბრობდა ივანიშვილთან „მოსამართლეებისა და პროკურორების სტუმრობაზე“.
ბაჩიაშვილმა განაცხადა, რომ პირადად არის მომსწრე იმისა, ხელისუფლებაში ივანიშვილის როგორც ოფიციალურად ყოფნის, ისე არყოფნის დროს, „პროკურორები და მოსამართლეები რა სიხშირით დადიოდნენ მასთან“.
„მე ზუსტად ვიცი, რა ინტენსივობის კომუნიკაცია ჰქონდა ივანიშვილს ამ ყველა დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან, მისი კონტროლის შესახებ“, – თქვა გიორგი ბაჩიაშვილმა.
„მე არ მეგულება არცერთი ჩვეულებრივი ადამიანი, რომელთან სახლშიც იკრიბებიან მოსამართლეები იმ დროს, როცა ხორციელდება სასამართლო რეფორმები, როცა მიმდინარეობის ისეთი საქმეები, როგორიც იყო „რუსთავი 2-ის“ საქმე“, – განაცხადა მან.
„პარალელურად, მე მთავაზობდა ივანიშვილი, რომ „რუსთავი 2“ მე უნდა გამეფორმებინა, რაზეც მე უარი ვუთხარი. გამოდის, რომ ივანიშვილისგან მქონდა ინფორმაცია რამდენიმე კვირით ადრე, სანამ „რუსთავი 2-ის“ საქმე დასრულდებოდა, რადგან ის უკვე ეძებდა, ვისზე გაეფორმებინა ტელევიზია“.
დამაზუსტებელ კითხვაზე პასუხად ბაჩიაშვილმა განაცხადა, რომ ივანიშვილთან ხშირად დადიოდნენ ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, ასევე „სასამართლო კლანის“ ლიდერებად მიჩნეული მოსამართლეები მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე.
„მე ივანიშვილთან დავდიოდი კვირაში მინიმუმ ორ-სამჯერ, აქედან ნახევარ დროს ჩემამდე იყვნენ ან პროკურორები, ან მოსამართლეები“, – განაცხადა ბაჩიაშვილმა.
“რუსთავი 2-ის” საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 2015 წელს მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც არხის მაშინდელმა მფლობელებმა, ძმებმა ყარამანიშვილებმა, გაასაჩივრეს. გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია იყო. 2017 წლის 2 მარტს უზენაესმა სასამართლომ ტელეკომპანია ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.
ამის შემდეგ საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრეს, სტრასბურგის სასამართლომ კი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება დროებით შეაჩერა.
საბოლოო გადაწყვეტილება ევროპულმა სასამართლომ 2019 წლის 18 ივლისს გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლოს ეროვნულ სასამართლოებში საქმის განხილვისას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლების დარღვევა არ დაუდგენია, – მათ შორის არც სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა.
ამის შემდეგ ხალვაშის წინააღმდეგ დავას აწარმოებდნენ კომპანიის თანადამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე, რომლებიც აცხადებდნენ, რომ 2004 წელს წილები ძალით, ნების საწინააღმდეგოდ გააყიდვინეს, თუმცა 2021 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
2022 წლის 14 დეკემბერს მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო სააპელაციო სასამართლომაც და ტელეკომპანიის „კეთილსინდისიერ მესაკუთრედ“ ქიბარ ხალვაში დატოვა.
„გამოძალვის მცდელობა“
გიორგი ბაჩიაშვილის თანახმად, ბიძინა ივანიშვილი მას საქმის აღძვრის შემდეგ „შუამავლის“ მეშვეობით 5000 ბიტკოინის გადახდას სთავაზობდა, საქმისწარმოების შეწყვეტის სანაცვლოდ.
„ივანიშვილი აგრძელებს გამოძალვას. ეს არის გამოძალვა, როცა სისხლის სამართლის პასუხისგების მუქარის ქვეშ ადამიანს სთხოვ დიდძალი ოდენობის თანხის გადახდას“, – თქვა მან და დააზუსტა:
„ეს იყო 5000 ბიტკოინის მოთხოვნა წინა შემოდგომაზე და ე.წ. კრიმინალური „სოჩიკი“ [მრიცხველი], რომ ყოველ თვეში ეს გადასახადი თანხა გაიზრდებოდა 500 ბიტკოინით“.
„ეს ოფიციალურად მოხდა. მისმა წარმომადგენელმა გაუგზავნა ტელეფონის მეშვეობით ეს შეთავაზება ჩემს ადვოკატს“, – თქვა ბაჩიაშვილმა, თუმცა არ დაუზუსტებია, ვინ იყო ეს შუამავალი, – მხოლოდ ის თქვა, რომ იგი არ ყოფილა ივანიშვილის ადვოკატი:
„ეს წარმომადგენელი, ის კაცი არ არის იურისტი, მას არ აქვს სისხლის სამართლის ლიცენზია, ის არის ივანიშვილის ჩვეულებრივი წარმომადგენელი, მისი ნდობით აღჭურვილი პირი, რომელმაც ეს გადმომცა. ეს არ ყოფილა ადვოკატის მიერ გადმოცემული“.
„რა თქმა უნდა, მე ამას არ დავთანხმდი და არც დავთანხმდებოდი“, – ამბობს იგი.
მოგვიანებით ბაჩიაშვილმა ფეისბუკზე გამოაქვეყნა ტექსტი იმ წერილისა, რომელზეც სასამართლოში ისაუბრა. ტექსტში, – რომელიც, ბაჩიაშვილის თანახმად, 2023 წლის შემოდგომაზე მიიღო, – წერია, რომ წინასასამართლო სხდომა 27 მარტს არის დანიშნული და „ამ ეტაპამდე, დაზარალებული მხარე თანახმაა, რომ მიიღოს ბრალის დადგენილებაში საბოლოოდ ასახული ბიტკოინების რაოდენობის 60%“.
უარის თქმით შემთხვევაში კი წერია, რომ შეთავაზების გაკეთებიდან ყოველ მომდევნო თვეს (ამ შემთხვევაში 2024 წლის 1 აპრილიდან), „დაზარალებულისათვის გადასაცემი ბიტკოინების რაოდენობა გაიზრდება 5%-ით“.
„მაგალითად, აპრილის თვიდან, ნაცვლად 60%-ისა, მისაღები იქნება ბიტკოინების სრული რაოდენობის მინიმუმ 65%-ის გადაცემა, მაისის თვიდან – 70%-ის გადაცემა და ა.შ.“.
რადიო თავისუფლება ცდილობს ივანიშვილის ადვოკატისგან საპასუხო კომენტარის მიღებას ხსენებულ ბრალდებებზე.
„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 23 იანვარს ბრიფინგზე გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით ტელეკომპანია „იმედის“ მიერ დასმულ კითხვაზე პასუხად განაცხადა:
„ეს ხელწერაა შესაბამისი ძალების, ისინი უზრუნველყოფენ, რომ კონკრეტულმა ადამიანმა ჩაიდინოს დანაშაული, მათ შორის, წაიღოს თანხები ამ დანაშაულის შედეგად და შემდეგ ახარჯვინებენ ამ თანხებს პოლიტიკური მიზნებისთვის“.
ტელეკომპანია „იმედმა“ 22 იანვარს გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს „ბაჩიაშვილმა აღიარა, რომ რადიკალური ოპოზიციის აქციებს აფინანსებს“, რასაც ბაჩიაშვილმა დეზინფორმაცია უწოდა.
მან თქვა, რომ „იმედს“ სინამდვილეში უპასუხა: „არცერთ ოპოზიციურ პარტიას მე არანაირად არ ვაფინანსებ. მე ვეხმარები თანხებით იმ ფონდებს, რომლებიც ეხმარება სასტიკად ნაცემ ახალგაზრდებს ადვოკატის თანხაში, ექიმების თანხაში“.