„ბაჩიაშვილი ფლობს კომპრომატებს – შეუძლია, ივანიშვილის ფინანსური აქტივების გაყინვის სამართლებრივი წინაპირობა შექმნას“ – გია ხუხაშვილი

„ბაჩიაშვილი ფლობს სერიოზულ კომპრომატს, რაც შესაძლოა, გახდეს არათუ ს დასანქცირების საფუძველი, არამედ შესაძლოა, ივანიშვილი კრიმინალში ეჭვმიტანილიც კი გახადოს“, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გიორგი ბაჩიაშვილი საგარეო ფრონტზე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. კერძოდ, ხუხაშვილი ვარაუდობს, რომ ბაჩიაშვილი ივანიშვილის წინააღმდეგ ფლობს მნიშვნელოვან ინფორმაციას, რამაც შესაძლოა, ივანიშვილის აქტივების სრული გაყინვის წინაპირობა შექმნას.
„საგარეო ფრონტზე ეს პროცესი მიდის ორ კომპონენტად, ერთია საშინაო პოლიტიკური პროცესი და მეორეა საგარეო პოლიტიკური პროცესი. საგარეო პოლიტიკურ ნაწილში ბაჩიაშვილს შეუძლია სერიოზული როლი ითამაშოს, ბიძინა ივანიშვილისთვის ყოვლისმომცველი ფინანსური სანქციების დაწესების პირდაპირი დოკუმენტური საფუძველი შექმნას. ბაჩიაშვილს შეუძლია პრაქტიკულად, ივანიშვილის მთელი ფინანსური აქტივების გაყინვის სამართლებრივი წინაპირობა შექმნას.
პოლიტიკურში შეუძლია ე.წ სატოპკე აწიოს, მაგრამ ამას გამოყენება უნდა. ჩვენი ოპოზიცია ამის გამომყენებელია? რამდენი ასეთი შესაძლებლობა აწია ხელისუფლებამ, რამე გამოყენებულა? ვერაფერს ვერ იყენებენ“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.
შეგახსენებთ, 4 მარტს „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბაჩიაშვილმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე საქართველო დატოვა. მოგვიანებით მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ ბაჩიაშვილმა ქვეყნის დატოვება სომხეთის სახმელეთო საზღვრით მოახერხა. 5 მარტს ბაჩიაშვილს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.
იქამდე ბაჩიაშვილს წარდგენილი ბრალდება, რომელიც 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხებოდა. პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა.
გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 500 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, ასევე დაწესებული აქვს დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები. აღნიშნული ქმედება 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
www.bpn.ge