ბაჩიაშვილი: უარი ვთქვი ანტიდასავლურ რიტორიკაზე, ეს ივანიშვილმა ღალატად ჩათვალა

“უარი ვთქვი ანტიდასავლურ რიტორიკაზე, ეს ივანიშვილმა ღალატად ჩათვალა” – ამის შესახებ გიორგი ბაჩიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, “ივანიშვილის ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ” მან მიიღო ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანისვილი მის ციხესი წამებას აპირებდა, რის გამოც ქვეყანა დატოვა. ამის შემდეგ, ბაჩიაშვილი ყვება, რომ “თავზე მეშოკჩამოკიდებული ჩამოიყვანეს, ვითომ მწვანე ზონაში ნახეს და იზოლატორში მოათავსეს”, რაზეც გამოძიება არ დაწყებულა.

ბაჩიაშვილი აღნიშნავს, რომ მას დღემდე არ აქვს დაზარალებულის სტატუსი.

დღეს უფრო ცხადია ამ საქმის აბსურდულობა და ფაქტები, რომლებზეც აპელირებს ბრალდების მხარე. დოკუმენტები მიგვითითებს, რომ ეს იყო სესხი, თუმცა ბრალდების მხარე და ივანიშვილის ჩვენება მიუთითებს იმაზე, რომ ეს ფული იყო ინვესტიცია. მაშინ, რატომ არ დასვა კითხვა, თუ სად იყო ინვესტიციით მიღებული შემოსავალი?

ამ ვითარებაში ვიმყოფები 2 წელია. ეს გამოიწვია ჩემსა და ბიძინა ივანიშვილს შორის აზრთა სხვადასხვაობამ, “გლობალურ ომის პარტიასთან” დაკავშირებულ რიტორიკასთან მიმართებით და ეს რიტორიკა ჩემს წინააღმდეგ საქმის დაწყებასთან ერთად უფრო გაღრმავდა. მე უარი ვთქვი ანტიდასავლურ პროპაგანდაზე და ეს მან [ბიძინა ივანიშვილმა] ღალატად ჩათვალა. 

როდესაც ულტიმატუმის ვადა ამოიწურა, რომლის მიხედვით, მე ფულის დაბრუნებას მთხოვდა და წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ფულს არ დავაბრუნებდი, მისი ოდენობა გაიზრდებოდა, ამ ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ დაიწყო ჩემს წინააღმდეგ პროცესი.

შემდეგ მივიღე ინფორმაცია, რომ ციხეში შენს წამებას აპირებენო და ამიტომ ქვეყნის დატოვება მომიწია. თავზე მეშოკჩამოკიდებული ჩამომიყვანეს, ვითომ მწვანე ზონაში მნახეს და იზოლატორში მომათავსეს. ამ საქმეზე გამოძიება არ დაწყებულა.

ამის შემდეგ, ციხეში ხდება ის, რასაც ივანიშვილი დამპირდა, ჯალათი შემომიგზავნეს, რომელმაც დაზიანებები მომაყენა. დღემდე არ მაქვს დაზარალებულის სტატუსი,” – განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.

ცნობისთვის, ბაჩიაშვილი სააპელაციო სასამართლოში თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც გიორგი ბაჩიაშვილი „ბიტკოინების საქმეზე“ მოსამართლემ, გიორგი გელაშვილმა დამნაშავედ ცნო და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი ბაჩიაშვილი ბრალად წარდგენილ ორ ქმედებაში დამნაშავედ ცნო, როგორც დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში, ისე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182 -3 „ბ“ და 194 – 3 „გ“ ნაწილებით ჰქონდა წარდგენილი, რაც დიდი ოდენობით თანხის მითვისებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ და გიორგი ბაჩიაშვილმა დასკვნითი სიტყვა წარმოთქვეს.

მის საქმეზე გადაწყვეტილება, ხვალ, 12:00 საათზე გამოცხადდება.