ბაჩიაშვილი: ივანიშვილს ჩინოვნიკებზე კორუფციის საქმეები ტომებად აქვს, როცა უნდა გააცოცხლებს

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა თანამდებობის პირების უმეტესობის კორუფციულ სქემებში ჩართულობის შესახებ იცის, თუმცა თვალს ხუჭავს.
როგორც მან გადაცემა დროებაში თქვა, ივანიშვილი მხოლოდ მაშინ იყენებს მათ წინააღმდეგ ამ საქმეებს, როცა მას უნდა ან როდესაც კონკრეტული პირები ხელისუფლებიდან წასვლას გეგმავენ.
ბაჩიაშვილის თქმითვე, მათ წინააღმდეგ ვინც კორუფციაში გარეული არაა, საჭიროების შემთხვევაში საქმეებს კერავენ.
“უმეტეს თანამდებობის პირებზე, უმეტეს ხალხზე, ვისზეც ჩვენ გვსმენია და ეჭვი გვაქვს, ბევრი ღია წყაროდან მტკიცებულებაც არსებობს, რომ არიან გარეული კორუფციაში, ივანიშვილი ამაზე თვალს ხუჭავს, მას არ აინტერესებს კორუფციაში რამდენს იპარავენ სახელმწიფოსგან, იმიტომ რომ ივანიშვილი სარგებლობს ამ კორუფციული მანქანით, თუმცა ამ კორუფციის შესახებ მას ტომებად უდევს საქმეები, რომელსაც როცა უნდა გააცოცხლებს, ან როცა ვინმე მიდის ხელისუფლებიდან მან აუცილებლად იცის, რომ მსგავსი საქმე არის და ეს განაპირობებს ამა თუ იმ ხალხის სიჩუმეს.
თუ ეს [კორუფციული] საქმეები არ არის, ეს საქმეები იკერება. მარტივია ჩინოვნიკს მოსდო შარი, ან ნახო მისი ახლობელი, ნათესავი, ვისზეც გავლენა შეიძლება იქონიო. ზოგადად, ჩინოვნიკებს და ყოფილ ჩინოვნიკებს და ნებისმიერ ადამიანს, რომელმაც გამოიარა ეს სტრუქტურა, არ სურს, რომ ივანიშვილს რამენაირად აწყენინონ და გადაიმტერონ ის. ეს არის პრობლემა. პრობლემა ისაა, რომ ხალხი თავისი კომფორტის გამო თავის ფასეულობებს თმობს და ის ვინც არ თმობს ამ ფასეულობებს, მას ეჯახება ძალადობრივი მანქანა”- თქვა ბაჩიაშვილმა.