ბაჩიაშვილი: ივანიშვილის წერილში ეწერა, უნდა გადამეხადა 5 000 ბიტკოინი, რიცხვი გაიზრდებოდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორის გიორგი ბაჩიაშვილის პროცესი გაიმართა.
სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ გიორგი ბაჩიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ რამდენიმე თვის წინ ს წარმომადგენელმა მას გადასცა ბიძინა ივანიშვილის წერილი, რომლის თანახმადაც, სთავაზობდნენ 5 000 ბიტკოინის გადახდას – “ამ თანხის მაშინვე არ გადახდის შემთხვევაში, გაზრდიდნენ ყოველთვიურად 500 ბიტკოინის ოდენობით”.
გიორგი ბაჩიაშვილის თქმით, მიმდინარე პროცესს “სამართალთან არაფერი აქვს საერთო”.
“წერილის შინაარსი იყო შემდეგი: მათ იცოდნენ, რომ ეს სასამართლო დასრულდება დაახლოებით 1 წლის ვადაში ჩემი პასუხისგებაში მიცემით და მთავაზობდნენ, რომ გადამეხადა 5 000 ბიტკოინი, თუ არ გადავიხდიდი ამ თანხას მაშინვე, ამ თანხას გაზრდიდნენ ყოველთვიურად 500 ბიტკოინის ოდენობით, ანუ, ეს ასტრონომიული რიცხვებია ყველასთვის, ჩემთვისაც ასტრონომიული ციფრია და ეს არის პირდაპირ გამოძალვა და როგორც კი მათი ულტიმატუმის ვადა ამოიწურა, მათ დაიწყეს ეს სასამართლო პროცესები, დაჩქარებულად.
ანუ, როგორც გვიწინასწარმეტყველა თავის წერილში, ზუსტად ისე მიმდინარეობს ახლა გამოძიება და თავიდანვე ეს ცალსახა იყო, რომ აქ სამართალთან არ აქვს საერთო არაფერი ამ პროცესს. ჩემმა ადვოკატმა გახსნით სიტყვაში ძალიან ბევრი ისაუბრა, რომ თუკი რამე პრეტენზია შეიძლება თეორიაში არსებობდეს, ეს უნდა ყოფილიყო სამოქალაქო დავა, თუმცა სამოქალაქო დავასთან ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს, იმიტომ რომ ივანიშვილის პირადი ჩვენების მეტი არ არის არცერთი მტკიცებულება, რომელიც ამტკიცებს საერთოდ რაიმე სახის პარტნიორობას”, – ამბობს გიორგი ბაჩიაშვილი.