ადვოკატი დავით ჯანდიერი აცხადებს, რომ ციხეში ნაცემი გიორგი ბაჩიაშვილი ეტლით გადაადგილდება.
დავით ჯანდიერის თქმით, გიორგი ბაჩიაშვილის მდგომარეობა თითქმის უცვლელია და მას სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.
„გიორგის მდგომარეობა ფაქტობრივად უცვლელია. მას აღენიშნება დაზიანებები სხეულზე, გარკვეული მონაკვეთები აქვს შეხვეული, მათ შორის, თავი, ხელი… აქვს ძალიან დიდი დაზიანება, მათ შორის, მარცხენა ხელზე, აქვს 3 ნაკერი თავის არეში… გადაადგილების და კოორდინაციის პრობლემები აქვს, გადაადგილდება ეტლით.
სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან გასაუბრების დროს იძულებული გახდა, რომ შეეწყვიტა, რადგან აღარ შეეძლო გაგრძელება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე“, – განაცხადა დავით ჯანდიერმა „ტვ პირველთან“.
დავით ჯანდიერის თქმით, ბაჩიაშვილის ადვოკატებს მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ, რომ ის ისევ გლდანის მე-8 დაწესებულებაში დაბრუნდეს, სადაც მას სცემეს და ამიტომ პენიტენციურ სამსახურს შესაბამისი მოთხოვნით მიმართავენ.
„ჩვენ მოვითხოვთ მე-12 დაწესებულებაში გადაყვანას, სადაც ის იყო მანამ, სანამ აქ [გლდანის მე-8 დაწესებულებაში] გადმოიყვანდნენ. ცხადია, რომ ნებისმიერ დაწესებულებაში ის არის რისკის ქვეშ, მაგრამ იმავე დაწესებულებაში მისი დაბრუნება, [სადაც სცემეს], მიგვაჩნია, რომ არის უფრო მაღალი რისკის მატარებელი“, – განაცხადა დავით ჯანდიერმა „ტვ პირველთან“.
გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, 11 ივლისს გლდანის ციხის საკანში, სადაც ბოლო 1 კვირა მარტო იმყოფებოდა, მისთვის უცნობმა პირმა სცემა.
წერილში, რომელიც ბაჩიაშვილის ადვოკატმა, დავით ჯანდიერმა ნეტგაზეთს მიაწოდა, ის წერს, რომ მის ცემას წინ უძღოდა გლდანის ციხის ხელმძღვანელის, დავით გოგობერიშვილის გაფრთხილება.
ბაჩიაშვილის თქმით, ცემამდე 3 დღით ადრე ის გლდანის ციხის უფროსმა დაიბარა და მას ბიძინა ივანიშვილისთვის მისი საბანკო ანგარიშების, კრიპტო ვალუტების ბრუნვების და ანგარიშის მისამართების გახსნა ურჩია.
პენიტენციური სამსახური ადასტურებს, რომ გიორგი ბაჩიაშვილს დაზიანებები აქვს.
უწყების განცხადებით, ბაჩიაშვილმა „ზედაპირული დაზიანებები“ თანამესაკნესთან „ინციდენტის“ შედეგად მიიღო.
ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, ბიზნესმენი გიორგი ბაჩიაშვილი, რომელიც მარტში გაიქცა ქვეყნიდან, 26 მაისს დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 26 მაისს ანონიმურმა წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ბაჩიაშვილი წითელ ხიდსა და სადახლოს შორის, ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთზე გადაადგილდებოდა. თავად ბაჩიაშვილი აცხადებს, რომ სხვა ქვეყანაში დააკავეს და საქართველოში „აირზენას“ თვითმფრინავით ჩამოიყვანეს. „გარდიანის“ ინფორმაციით, იგი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დააკავეს.
ბაჩიაშვილმა საქართველო მიმდინარე წლის მარტის დასაწყისში დატოვა. იმ პერიოდში ბაჩიაშვილის წინააღმდეგ ორი სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული. ორივე შემთხვევაში მას “ქართული ოცნების” დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი უჩიოდა. ორივე საქმეზე ბაჩიაშვილი გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული.
ქვეყნიდან გაქცევის შემდეგ პროკურატურამ კიდევ ერთი ბრალი წარუდგინა, ამჯერად – საზღვრის უკანონო კვეთის შესახებ. პატიმრობა შეუფარდეს იმ ადამიანსაც, ვინც მას საქართველო-სომხეთის საზღვრის გადაკვეთაში დაეხმარა.
ძებნილობის პერიოდში გადაწყვეტილება გამოცხადდა ბაჩიაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე ერთ-ერთ საქმეზე – მას 11 წლით პატიმრობა განესაზღვრა. ამის შემდეგ, იმავე, ე.წ. ბიტკოინების საქმის ირგვლივ ივანიშვილმა მის წინააღმდეგ სამოქალაქო დავა დაიწყო. ეს საქმე საქალაქო სასამართლომ დაჩქარებული წესით განიხილა და ბაჩიაშვილს ივანიშვილისთვის 9 000 ბიტკოინის ღირებულების თანხის გადახდა დააკისრა. გადაწყვეტილების მიღებისას ეს თანხა დაახლოებით 850 მილიონ დოლარს შეადგენდა.
