ბაჩიაშვილი: დამიკავშირდა გამომძიებელი, უნდა წამიყენონ ბრალი “მტკვარი-ჰესის” საკითხზე

“თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, პროკურატურა აპირებს, “მტკვარი-ჰესის” საკითხზე ბრალი წაუყენოს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში ისაუბრა.
“დამიკავშირდა ჩემი საქმის გამომძიებელი. ხვალ, 11:00 საათზე უნდა წამიყენონ ბრალი “მტკვარი-ჰესის” საკითხზე. ანუ ეს საქმე, რომელიც ახლა მიმდინარეობს, იმდენად უპერსპექტივოა და იქ არაფერი საერთოდ, ივანიშვილის ამ პროკურატურის და სასამართლოს პირობებშიც ვერ გამოჩნდა, მათ დასჭირდათ მეორე საქმის დაძვრა”, – თქვა ბაჩიაშვილმა.
მისივე სიტყვებით, “მტკვარი-ჰესის” საქმე “კიდევ უფრო ბედკრულია”, ვიდრე მიმდინარე საქმე, რადგანაც “არანაირი საბუთი არ არსებობს”.
“სიტყვიერად ამბობს ივანიშვილი, რომ პროექტის ბიუჯეტი გაიზარდა და ალბათ ბაჩიაშვილმა მიითვისა თანხაო. ინვესტორი ივანიშვილია და ბაჩიაშვილს ედავება თანხის მითვისებას. მუქარას ასრულებს”, – ამბობს ბაჩიაშვილი.
რადიო თავისუფლება კომენტარისთვის დაუკავშირდა გენერალურ პროკურატურას. მათი პასუხი მიღების შემთხვევაში აისახება მასალაში.
“მტკვარი-ჰესის” საკითხთან დაკავშირებით, ს ადვოკატი, თეიმურაზ წიქვაძე წერდა, რომ თავდაპირველად, სწორედ “თანაინვესტირების ფონდის” ამ პროექტში შეამჩნია ივანიშვილმა გადაცდომები.
წიქვაძის თანახმად, პროექტი, რომლის მშენებლობა 2014 წელს დაიწყეს, $131 მლნ ჯდებოდა. ჰესი 2020 წლისთვის უნდა შესულიყო ექსპლუატაციაში. პროექტი დღემდე დაუსრულებელია, ბიუჯეტი კი $235 მლნ-მდე, თითქმის ორჯერაა გაზრდილი.
ადვოკატის თქმითვე, ამის შემდეგ შეიტანეს ეჭვი პროექტის და, ზოგადად, ფონდის ხელმძღვანელის, ბაჩიაშვილის კეთილსინდისიერებაში, და ეს ეჭვები გააღრმავა იმის გარკვევამ, რომ ბაჩიაშვილმა, მისმა საწარმოებმა და ოჯახის წევრებმა 2015 წლის შემდეგ „ათეულობით უძრავ-მოძრავი ქონება” შეიძინეს როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.
“თავდაპირველი გათვლებით პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა დაახლოებით 131 მილიონ დოლარს შეადგენდა და ჰესი ექსპლუატაციაში ჯერ კიდევ 2020 წელს უნდა შესულიყო. თუმცა, საბოლოო ჯამში, პროექტის მშენებლობის ღირებულება დაგეგმილთან შედარებით 100 მილიონი დოლარით (რაც კოლოსალური სხვაობაა თავდაპირველ ღირებულებასთან შედარებით), დაახლოებით 235 მილიონ დოლარამდე გაიზარდა და ამის მიუხედავად პროექტი დღემდე დასრულებული არ არის. აღნიშნული სავარაუდოდ განპირობებულია ფონდის ხელმძღვანელი პირების მხრიდან საინვესტიციოდ განკუთვნილი ფულადი თანხების არამიზნობრივი ხარჯვით, მათი გაფლანგვით თუ მითვისებით”, – წერდა ადვოკატი თეიმურაზ წიქურაძე ფეისბუქზე.
ბაჩიაშვილი-ივანიშვილის საქმე
ბიძინა ივანიშვილის განცხადების საფუძველზე 2023 წლიდან აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომლის ფარგლებშიც გიორგი ბაჩიაშვილს 9-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
გამოძიების ვერსიით, – რაც მეტწილად ბიძინა ივანიშვილის ჩვენებას ეყრდნობა, – გიორგი ბაჩიაშვილმა 2015 წლის ზაფხულში თავისი პირადი და „ინვესტორის“ [იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი] თანხებით კრიპტოვალუტა ბიტკოინის გამომუშავება/მაინინგში ინვესტიცია ჩადო.
ივანიშვილის ვერსიით, ბაჩიაშვილისათვის გადაცემული თანხა – 5 მლნ დოლარი – „ინვესტიცია“ იყო, რის უზრუნველყოფასაც ივანიშვილი ახორციელებდა.
გიორგი ბაჩიაშვილი და მისი ადვოკატი ლევან მახარაშვილი საპირისპირო სურათს ხატავენ.
დაცვის მხარის პოზიციით, ბაჩიაშვილმა, – რომელიც 2015 წლისთვის უკვე კარგად ერკვეოდა კრიპტოვალუტების ბიზნესში, – ივანიშვილს თავიდანვე სთხოვა არა პარტნიორობა, არამედ „ქართუსგან“ სესხის აღებაში დახმარება.
ადვოკატის თქმით, ივანიშვილსა და ბაჩიაშვილს შორის დაიდო „ჩვეულებრივი მიზნობრივი სასესხო ხელშეკრულება, რომელიც გაცემული იყო ბაჩიაშვილის კომპანია Mission Gate-სა და [მაინინგ კომპანია] Bitfury-ის შორის გაფორმებული კონტრაქტის ანგარიშსწორების განსახორციელებლად“.
ბიძინა ივანიშვილმა 5 თებერვალს მისცა სასამართლოს ჩვენება – მანაც დახურულ სხდომაზე.