ბაჩიაშვილის საქმე: ბრალი წაუყენეს პენიტენციური უწყების ყოფილ მაღალჩინოსანს, ის თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდება წაუყენა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილ მოადგილეს.
თავად გიორგი ქემოკლიძე ბრალს არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.
პროკურატურის განცხადებით კი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა – გიორგი ქემოკლიძემ, რომელიც იკავებდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობას, ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება გიორგი ბაჩიაშვილის სასარგებლოდ, რათა ამ უკანასკნელს მის მიმართ განხორციელებული ვითომდა ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი გამოეყენებინა პირადი ინტერესებისათვის, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენად.
“აღნიშნული მიზნით, გიორგი ქემოკლიძესა და პატიმარ გიორგი ბაჩიაშვილს შორის არსებული წინასწარი შეთანხმების შესაბამისად, გიორგი ბაჩიაშვილის საკანში სპეციალურად შეასახლეს ორი პატიმარი, რომლებსაც წინასწარი სცენარის მიხედვით, გიორგი ბაჩიაშვილისთვის ფიზიკური ანგარიშსწორების იმიტაცია უნდა მოეწყოთ. ხსენებულის შესანიღბად, გიორგი ქემოკლიძემ მისდამი დაქვემდებარებაში არსებული ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის სამმართველოს უფროსს უბრძანა გიორგი ბაჩიაშვილის საცხოვრებელი საკნისა და ამავე საკნის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული ვიდეოსამეთვალყურეო კამერების გათიშვა, ხოლო უკვე არსებული ჩანაწერების ჩამწერი მოწყობილობიდან წაშლა, რაც ამ უკანასკნელმა შეასრულა.
ვინაიდან, მოვლენები სცენარის შესაბამისად არ განვითარდა, მიზნის მისაღწევად გიორგი ქემოკლიძის ბრძანებით, 11 ივლისს გიორგი ბაჩიაშვილის საცხოვრებელ საკანში შეასახლეს ერთი პატიმარი. აღნიშნულის ამსახველი მტკიცებულების განადგურების მიზნით, ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის სამმართველოს უფროსმა კვლავ გიორგი ქემოკლიძის ბრძანების შესაბამისად გათიშა გიორგი ბაჩიაშვილის საკნისა და მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული სამეთვალყურეო ვიდეოკამერების პირდაპირი რეჟიმით გადაცემის გამოსახულება, რის შემდეგაც ასევე მითითების შესაბამისად წაშალა ვიდეოჩამწერ მოწყობილობაზე არსებული ჩანაწერი.
აღნიშნული მიზნად ისახავდა, რომ არ დაფიქსირებულიყო გიორგი ბაჩიაშვილის ცემის ინსცენირებასთან დაკავშირებული განზრახვის ფაქტი, რაც სისრულეში იქნა მოყვანილი.
შედეგად, გიორგი ქემოკლიძის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებამ გამოიწვია სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
პროკურატურის ბრალდებას აბსურდულად მიიჩნევს გიორგი ბაჩიაშვილი. ის ადვოკატის მეშვეობით აცხადებს, რომ გიორგი ქემოკლიძის სახელი და გვარი საერთოდ პირველად გაიგო ტელევიზორით და ასევე თეორიულადაც უჭირს წარმოიდგინოს, როგორ შეეძლო მას ციხეში მსგავსი პროცესის ინსცენირება.

ასევე დაგაინტერესებთ

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ერთ-ერთი დაკავებულის, სულხან ტუღუშის ადვოკატი – მოსამართლეს და მის მიდგომას რომ ვუყურებდი, ნათელი იყო, რომ პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებდა

4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული გენადი კუპრეიშვილი მოსამართლეს – დედა მყავს პენსიონერი, ბანკიდან გამოტანილი აქვს ფული, რომელსაც მე ვიხდი – თუ არ გადავიხადე, პენსიიდან ჩამოაჭრიან და ფულის გარეშე რჩება