გიორგი ბაჩიაშვილის დედა, მარინა რამაზაშვილი, ადასტურებს, რომ The New York Times-ის ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა სტატიაზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ფინანსურ საქმიანობასა და ბაჩიაშვილის საქმის დეტალებს ეხება. რამაზაშვილის თქმით, საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა და ჟურნალისტები ინტერნეტით ამოწმებდნენ მის მიერ ნათქვამ ინფორმაციას.
მისი თქმით, უცხოელი ჟურნალისტები საქმის დეტალებს თავად ამოწმებდნენ და თემით მაღალი რანგის პოლიტიკოსებიც ინტერესდებოდნენ.
იყო კითხვა-პასუხის რეჟიმი, იმიტომ, რომ როდესაც რაღაცას ვპასუხობდი, მერე ალბათ ინტერნეტში იკვლევდა კიდევ სხვა წყაროებით, რამდენად შეესაბამებოდა ეს სიმართლეს. ეს მხოლოდ დასაწყისია იმ სტატიების სერიის, როგორც თვითონ მითხრეს, იმიტომ, რომ ძალიან აინტერესებთ ეს თემა. აბსოლუტურად შემთხვევით ვიგებ, რომ ისეთმა დიდმა პოლიტიკოსებმა იციან ეს ქეისი, როგორც ისინი ამბობენ, რომ მე ვერც კი წარმომადგინა, რომ ამ რანგის ხალხს შეიძლება, რატომღაც სცოდნოდათ გიორგის შესახებ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მერე წავა სხვადასხვა ტიპის აქციებამდე როგორც მიდის ხოლმე, არც ეგ არ აწყობთ. არც მე მინდა, ვინმე დასანქცირდეს და არავისთვის ცუდი არ მინდა, სიმართლე გითხრათ. გამანებონ თავი, – ამბობს მარინა რამაზაშვილი.
ბიძინა ივანიშვილი გავლენიან უცხოურ მედიებს უპირისპირდება.
მისი ადვოკატი, თეიმურაზ წიქვაძე, გამოეხმაურა The New York Times-სა და The Guardian-ში გამოქვეყნებულ სტატიებს, რომლებიც ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს ეხებოდა.
წიქვაძემ განაცხადა, რომ ორივე გამოცემა მოქმედებს „ზუსტად ისე, როგორც ადგილობრივი, მიკერძოებული მედია“, და მათ ბრალი დასდო არაობიექტურობაში.